05 აგვისტო 2026,   17:32
ვრცლად
ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში - მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისა და სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს

"გრანტების შესახებ" და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანის შემდეგ ყველა დაფინანსება გამჭვირვალე და საჯარო იქნება - მმართველი გუნდის ინფორმაციით, ცვლილებათა პაკეტის მიზანი ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება, სუვერენიტეტის დაცვა და ქართულ პოლიტიკაში უცხოური გავლენისა და დაფინანსების პრევენციაა.

გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. არჩილ გორდულაძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 7 კანონში ცვლილებების შეტანის ერთადერთი მიზანი უცხოური გავლენის, ინტერესებისა და ფინანსებისგან საქართველოს დაცვაა.

გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, სადაც ისევ ამტკიცებენ, რომ ცვლილებათა პაკეტი სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. გახარიას პარტიის მსგავსი პოზიცია აქვს ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდსაც.

მმართველმა პარტიამ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს შეეხება, რომლებიც უცხოეთიდან პოლიტიკური მიზნით ფინანსდებიან. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ახალი კანონმდებლობით საქართველოში მოქმედი ენჯეოები და პოლიტიკური პარტიები ვეღარ მოძებნიან გზებს უცხოური დაფინანსების მისაღებად. დეპუტატებმა კონკრეტული მაგალითებიც გაიხსენეს - როცა გარკვეული ევრობიუროკრატები არც მალავენ, რომ ქართული ენჯეოების დასაფინანსებლად შემოვლით გზებს ეძებენ.

გრანტების შესახებ და თანმდევ კანონებში ცვლილებებს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით 18 თებერვალს განიხილავენ.

დღის ამბები