05 აგვისტო 2026,   14:13
ვრცლად
სარჩელი "კამიტის" გარეშე - წერილში, რომელიც პროკურატურაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაგზავნა, "კამიტი" ნახსენები აღარ არის

ის, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმის შემდეგ აპელირებდნენ, სასაუბრო ლექსიკიდან გაქრა. "კამიტი", იგივე ბრომბენზილციანიდი რომ 2024 წლის აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუყენებია, მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. გეკა გელაძის თქმით, სახელმწიფოს ხელში მთავარი იარაღი სიმართლეა, რადგან ძალოვან უწყებას "კამიტი" არასდროს შეუძენია.

"კამიტი" დღეს საიას თავმჯდომარეს აღარ უხსენებია. თამარ ონიანმა ბრიფინგზე მხოლოდ ის თქვა, რომ პროკურატურას იმ მოქალაქეების სახელით მიმართავენ, რომლებიც 2024 წელს აქციებზე დაზიანდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებაში არა რომელიმე კონკრეტულ, არამედ სხვადასხვა სპეციალურ საშუალებებზე მიუთითებს.

სად გაქრა "კამიტი" და პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი? - ეს კითხვა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარემ მას
შემდეგ დასვა, რაც განცხადება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" გაკეთდა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ BBC-სგან გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე იყო.

აქციების დაშლის დროს "კამიტის" გამოყენების საკითხზე დღეს დარწმუნებით არც ოპოზიცია საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ისევ გამოძიების ჩატარებაზე მიუთითებენ.

საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ქიმიური იარაღის გამოყენების მძიმე ბრალდების გამო, "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალური საჩივრით BBC-ის 15 იანვარს მიმართა. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, როდესაც სარჩელზე და სამართლებრივ პროცედურებზეა საუბარი, ოპონენტები სრულიად განიარაღებულები არიან, რადგან მათ მხარეს არცერთი არგუმენტი არ არსებობს. მათივე განცხადებით, ბრიტანული მაუწყებლის მასალაში მონაწილე ვერცერთმა რესპონდენტმა, "კამიტთან" დაკავშირებით მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ე.წ. საგამოძიებო ფილმის შესახებ გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. გამოიკითხა ფილმის ყველა ფიგურანტი. გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს "კამიტი" არასდროს შეუძენია.

დღის ამბები