01 აგვისტო 2026,   21:12
ვრცლად
გატარდა მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია, დაიზოგა 231 000 000 ლარი, ვყიდულობთ ახალ თანამედროვე ელმავლებს, რომლებიც სრულიად განაახლებს საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკს - ლაშა აბაშიძე

იწყება საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ეტაპი. ცოტა ხნის წინ დასრულდა პრეზენტაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რკინიგზაში, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, მასშტაბური ინვესტიციები განხორციელდება, საორიენტაციო მოცულობა მილიარდ 700 მილიონი დოლარია. პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების 10 წლიანი გეგმა. იგეგმება 50-მდე ლოკომოტივის, 1 500 ვაგონის და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენა. განხორციელდება სადგურებისა და სარკინიგზო მონაკვეთების მოდერნიზაცია. აშენდება ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის 18-კილომეტრიანი ახალი ხაზი. განახლდება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა.

"გატარდა მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია - სულ ჯამში დაიზოგა 231 000 000 ლარის ოდენობის თანხა, გავზარდეთ მატარებლების სიგრძეები და წონები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ერთ გატარებაზე თუ აქამდე იყო დაშვებული წონა დაახლოებით 2600 ტონა, გავზარდეთ და ავწიეთ 3 600 ტონამდე. მივიღეთ მთავრობის მხარდაჭერით თუ შეიძლება ითქვას საქართველოს ისტორიაში და რკინიგზის ისტორიაში, ერთ-ერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ვყიდულობთ ახალ თანამედროვე ელმავლებს, რომლებიც სრულიად განაახლებს საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკს და ასევე 1 500 ვაგონი ერთეულით გავზრდით ჩვენს სავაგონო პარკს.

არის გარკვეული გამოწვევები, გამოწვევები მდგომარეობს იმაში, რომ ძირითადად მოძველებული მატარებლები ოპერირებს და აქაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად განვაახლოთ წელს უკვე მოვხსნით იმ სიჩქარეებზე შეზღუდვებს და პირობითად თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 საათნახევრის მაგივრად, წელს უკვე დავდებთ შედეგს და თბილისი-ბათუმი იქნება 4 საათის განმავლობაში. ორჯერ-სამჯერ უწევთ მატარებლებს გაჩერება, რომ მოხდეს რევიზია და შემოწმება-ტესტირება, ჩვენ ვნერგავთ ახალ სისტემებს, რომლის ტექნოლოგიები იქნება შესაბამისი კამერებით, სენსორებით და აკუსტიკური სისტემებით, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ რეალურ დროში მატარებლების გაუჩერებლად მოვახდინოთ დიაგნოსტირება სრული ყველა თითოეული ვაგონის.

უკვე დავასრულეთ პროექტირების ნაწილი და უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, რომ დავიწყოთ ანაკლიის მისასვლელი 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ასევე, ვამატებთ კიდევ 16 ახალ სამგზავრო მატარებლებს", - აცხადებს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

დღის ამბები