უწყება, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც დემოკრატიული და მდგრადი განვითარების საფუძველს ქმნის - ასე ახასიათებს გეკა გელაძე იმ სამსახურს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. მისი შეფასებით, სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი მუშაობის შედეგია ის, რომ ბოლო წლებში, შიდა თუ გარე რისკების პრევენცია წარმატებით განხორციელდა.
ღონისძიებაზე, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის 11 წლისთავს მიეძღვნა, წუთიერი პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულების ხსოვნას.
სამსახურის პირად შემადგენლობას, ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა ქვეყნის პრეზიდენტმა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ უმთავრეს როლს ასრულებს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვაში - ეს ფაქტორი ირაკლი კობახიძემ საკუთარი სიტყვით გამოსვლის დროს გამოყო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის უმთავრესი ფუნდამენტი მშვიდობა და სტაბილურობაა, რაც სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურ ძალისხმევას ეფუძნება.
უხილავი ფრონტი, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში მკვეთრად განსაზღვრული ადგილი უჭირავს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარ მიზნებზე, საზეიმო ღონისძიების მსვლელობისას, პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა ახსენა ის გამოწვევები, რომლებიც დღეს არსებულ მრავალგანზომილებიან გარემოში, ქვეყნის წინაშე დგას. ამ ვითარებაში კი, საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ღონისძიების ბოლოს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამშრომლები უწყებრივი მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა.
მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, წელს პირველად გაიცა სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული ჯილდო.