01 აგვისტო 2026,   21:13
ვრცლად
მსოფლიო კინოს სამუზეუმო მნიშვნელობის კოლექცია თბილისში - გამოფენა, რომელიც ვიზიტორებს კინოსა და თანამედროვე ხელოვნების შერწყმის უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს

მეთვრამეტე საუკუნის ფრანგული სტილით შთაგონებული ეს სამოსი დიზაინერ ლინ პაოლოს ეკუთვნის. აქ თითოეული დეტალი, ნაკერი და ორნამენტი არა მხოლოდ ეპოქას, არამედ პერსონაჟის ხასიათსაც გადმოსცემს. ნეტფლიქსის ცნობილი სერიალიდან დედოფალ შარლოტას კაბა ერთ-ერთია, რომელიც ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში განთავსდა. მსოფლიო კინოს ორიგინალი კოსტუმების ნახვა ქართველ დამთვალიერებელს ეკრანების მიღმა შეეძლება.

"ოსკარი და ლუსინდა", "ნევარლენდის პოვნა", "ანა კარენინა" - სამუზეუმო მნიშვნელობის კოსტიუმების კოლექცია, მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ გმირებს ახალ, რეალურ სივრცეში აცოცხლებს. მათ შორის არის კიდევ ერთი საკულტო კოსტუმი. კაბა, რომლითაც გვინეტ პელტროუმ 1996 წელს, ფილმ "ემას" ფინალურ სცენაში მილიონობით მაყურებლის გული მოიგო.

ექსპოზიციას იულია სოროკინას ავტორობით შექმნილი ნიღბები ამდიდრებს. ნამუშევრები კოლექციისთვის საგანგებოდ დამზადდა. ხელოვანმა ყველა ის დეტალი გაითვალისწინა, რომელიც პერსონაჟის ხასიათსა და კონკრეტულ ეპოქას ასახავს.

ამ გზით კი, გამოფენა ვიზიტორებს კინოსა და თანამედროვე ხელოვნების შერწყმის უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.

კოლექცია კულტურის სამინისტროს, ხელოვნების სასახლისა და გალერეა "ლევილი 1918"-ის თანამშრომლობის შედეგია. ნამუშევრები ბრიტანული კომპანია კოსპროფიდან ჩამოიტანეს, რომელიც ნეტფლიქსისა და ჰოლივუდის ფილმების კოსტუმებს ინახავს. კინოსამყაროში მოგზაურების საშუალება დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში შეეძლება.

დღის ამბები