ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო გაცხადებული, რომ მთავარია, ამოვიდეთ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს.
"რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაცია შედგა პარლამენტში, სადაც მან განაცხადა, რომ მედიკამენტებს რაც შეეხება, ბაზარზე არის სხვადასხვა ფარმაცევტული ორგანიზაციის ინტერესები, რომ საკუთარ მედიკამენტებს მიაწერონ ის თვისებები, რომლებიც არ აქვს. სწორედ ამაზე მუშაობენ ამერიკული თუ ევროპული წამლის დაშვების ასოციაციები - ზოგ მედიკამენტზე არის დაშვება, ზოგზე - არა.
გუშინ ითქვა, რომ ორ მედიკამენტზე არის ფიქრი, რაც არ არის შემთხვევითი. რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ინტერპელაციის დროს ითქვა, რომ არის ორი მედიკამენტი, რომელზეც ყველაზე მეტი იმედი არსებობს, რომ გარკვეული ეფექტიანობა აქვს. ასე რომ, ეს არის პროცესის მიმდინარეობა, რომელშიც ახლა თავად პრემიერ-მინისტრიც ჩაერთო და მშობლებიც წარმოდგენილი არიან სამუშაო ჯგუფში, რომელიც ამ პროცესს გაჰყვება ბოლომდე. საქართველოს მთავრობა მოქმედებს ზუსტად იმ მიდგომებით, რომელიც მას ყოველთვის აქვს - გამოვიდეს მოსახლეობის და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, მათი საუკეთესო ინტერესებიდან”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 4 ივნისს, პრემიერ-მინისტრისა და მშობლების მეორე შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა - სახელმწიფო დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებს მედიკამენტებით უზრუნველყოფს.