კომუნიკაციების კომისიამ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან გააფორმა.
მემორანდუმის მიზანია, ერთობლივი თანამშრომლობა ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების გაძლიერების, მათი სტრატეგიული განვითარებისა და ახალგაზრდებთან ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით. მხარეები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებასა და სახელმწიფო სერვისების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება პროექტები, სახელმწიფო უწყებების მიერ შეთავაზებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ, ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით. მათ შორის რეგიონების მასშტაბით, გაძლიერდება და განვითარდება ახალგაზრდული ცენტრები და სივრცეები, როგორც ახალგაზრდებთან სახელმწიფოს კომუნიკაციის, არაფორმალური განათლებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კომუნიკაციების კომისიის წევრმა ანი ვაზაგაშვილმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბუხრაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კალანდაძემ მოაწერეს.