05 ივნისი 2026,   13:56
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

დაცვის მხარის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

"ჯერჯერობით, გრძელდება ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების წარმოჩენა, იკითხებიან ბრალდების მოწმეები და, როგორც ვართ ინფორმირებულები, გრძელდება "ქოლცენტრების" ეპიზოდი, თუმცა ეს ბრალდების პოზიციაა და შეუძლია სხვა მოწმეც მოიყვანოს", - განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით ისაუბრა საქმის პროკურორმაც. მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, პროცესზე სამი მოწმე გამოიკითხება, რომელთაგან ორს უშუალო შემხებლობა ჰქონდა "ქოლცენტრებთან".

"ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. დღეს გვეყოლება სამი მოწმე, რომელიც დაიკითხებიან უშალოდ ე.წ. "ქოლცენტრის" ეპიზოდთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება იმდენად ინფორმაციული, რომ სასამართლო, შემდგომში დაეყრდნობა მათ, განაჩენის გამოტანისას. ორ მოწმეს უშუალო შემხებლობა ჰქონდათ "ქოლცენტრებთან" და შესაბამისად, ისინი ისაუბრებენ "ქოლცენტერბის" საქმიანობისა და მფარველობის დეტალებზე. მესამე მოწმე არის ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ექსპერტიზა იმ აუდიო-ვიდეო მასალაზე, რაც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში და რომლითაც დასტურდება ის ფაქტობრივი გარემო, რაც ბრალში არის ასახული", - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

სუს-ის ყოფილ უფროსს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
დღის ამბები