24 "გრემი", 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და მასშტაბური საკონცერტო გამოცდილება - 12 ივნისს, "დინამო არენაზე", ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება.
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, "სთარინგ ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, "დინამო არენაზე" წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოებს გაეცნო.
"სთარინგ ჯორჯია" რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურული ინდუსტრიის კომპანიაა და ამ მასშტაბური ღონისძიების საორგანიზაციო პასუხისმგებლობა სწორედ მათ აქვთ აღებული. ვისარგებლებ შემთხვევით და მთელ გუნდს მადლობას გადავუხდი. აღვნიშნავ იმასაც, რომ ამ ტიპის პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და კულტურული ინდუსტრიის გაძლიერებას. პროექტი უკვე ფინალურ ეტაპზეა და ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები სწორედ ახლა მიმდინარეობს.
დარწმუნებული ვარ, წინ შთამბეჭდავი შოუ გველის, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა როგორც მაყურებლისთვის, ისე თავად ორგანიზატორებისთვის", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.