ისტორიაში პირველად, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს "რუსთავი 2-ის" საეთერო მოედანი მასპინძლობს. მუნდიალი სტარტს რამდენიმე საათში აიღებს და 19 ივლისის ჩათვლით არხი მილიონობით ქომაგის დიდი მოლოდინის - FIFA 2026-ის ყველა მატჩებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
დედამიწაზე ყველაზე დიდი საფეხბურთო სანახაობის გასაშუქებლად, "რუსთავი2-ის" გუნდი განსაკუთრებულად ემზადება და არხი 39 დღის განმავლობაში საგანგებო სპორტულ რეჟიმზე გადადის.
32-წლიანი ისტორიის მქონე ტელევიზიის კედლებში ყველა და ყველაფერი საფეხბურთო ენაზე ალაპარაკდება, შემოგთავაზებთ საფეხბურთო მიმოხილვებსა და სიუჟეტებს არხის მთავარ სპორტულ სახესთან ერთად.
ჩემპიონატის მიმდინარეობისას ერთმაენთს 8 კომენტატორი შეცვლის, ისინი სამი ქვეყნიდან 104-ივე მატჩს წაიყვანენ. მაშინ, როცა თამაშები ერთმანეთს დაემთხვევა და პარალელურად დაიწყება, ერთ-ერთი მატჩი მედიაჰოლდინგში შემავალ მარაოს არხზე გავა. არხი გრანდიოზულ სპორტულ მოვლენათა ციკლს პირდაპირ ეთერში "სეტანტასთან" ერთად გთავაზობთ.
მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება ერთდროულად სამ ქვეყანაში - აშში, კანადასა და მექსიკაში. 16 ულტრა თანამედროვე სტადიონი და მათ შორის, მეხიკოს ლეგენდარული "აცტეკა", სადაც დღეს გახსნის ცერემონიალი გაიმართება, დღესვე შედგება პირველი მატჩი: მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს, დღეს, საღამოს 11 საათზე, კომენტატორები - დავით მინაშვილი და ამირან შაიშმელაშვილი წაიყვანენ.
საფეხბურთო მარათონისთვის უკვე მზადაა " რუსთავი 2-ის" ახალი პლატფორმებიც - "ფეიბუქი", "იუთუბი" და "ინსტაგრამ" გვერდები, სადაც მატჩები, მიმოხილვები, საუკეთესო მომენტები და ექსკლუზიური სპორტული კონტენტი, ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი.
მსოფლიოს მთავარი სპორტული მოვლენის თვალყურის დევნებას ფეხბურთის გულშემატკივრები ქუჩაში დიდ ეკრანებზეც შეძლებენ. "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის პარტნიორობით, 28 ივნისიდან, ჩემპიონატის ფლეი-ოფების ყველა მატჩის ჩვენება დიდ ეკრანზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ეკრანები ჩაირთვება ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავშიც.
ასე რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა თამაშზე ტრიბუნებზე მეთორმეტე მოთამაშის ანუ ქომაგის ადგილს, დღეიდან, "რუსთავი 2-ის" მაყურებელი იკავებს.