შანხაიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები, ფინანსური ბაზრებისა და სერვისების მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.
აღინიშნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი.
„ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსურ ბაზრებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ფინანსური სერვისების განვითარებით მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მათ შორის, საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით“, - დასძინა ნათია თურნავამ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა, ასევე ჩინური ინვესტიციები და ტურისტული ნაკადები.
„ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ საფინანსო სექტორში“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩინეთს შორის ფინანსური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.