ქართულმა მხარემ, თავის მხრივ, პოზიციები წარადგინა, რომელიც შეეხება იმ წუხილებსა და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა სამუშაო დონეზე, სადაც მხარეებმა პოზიციები გაცვალეს.
"ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ევროპულ მხარეს ამ დონეზე მისწოდებოდა ინფორმაცია და ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რომელიც აქვს ქართულ მხარეს. ქართულმა მხარემ წარმოადგინა ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ აქამდე ვიხილეთ ევროკავშირის მიერ დაფიქსირებულ ანგარიშებში თუ რეგულაციებში, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია," - განაცხადა ბოჭორიშვილმა.