მანუჩარ ჯაბნიძე კამერების წინ საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა თავშეკავებული არ აღმოჩნდა სოციალურ ქსელებში, რის გამოც დღეს მოსამართლის წინაშე წარადგინეს.
ფეისბუქში სიძულვილის ენის გამოყენებისა და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სასამართლო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება აღიარა, რის შემდეგაც სხდომა 26 ივნისისთვის გადაიდო.
კახი კალაძეა ერთ-ერთი იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საქმე ხულოს სასამართლოში განიხილება. სამართალდარღვევის ოქმი მოქალაქე მიხეილ შანთაძის მიმართ არის შედგენილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს მოქალაქე გიორგი გოგიას საქმეც, რომელმაც სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა ამჯერად ბერა ივანიშვილის მიმართ გამოიყენა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტმა ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო არაერთი პოლიტიკოსის, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების მიმართ სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის გამოყენებაზე. კანონმდებლობით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება თავად დაზარალებულის საჩივარს არ საჭიროებს.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა ევროპის ქვეყნების მსგავსად ქართულ კანონმდებლობაშიც დაწესდა ზღვარი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას სიძულვილის ენისგან მიჯნავს.
ტელეეთერსა თუ ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებაზე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში სანქციები გაცილებით მკაცრია, ვიდრე საქართველოში. მაგალითად ესტონეთში სიძულვილისკენ წაქეზება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით არის კრიმინალიზებული. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში სიძულვილის ენა არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შეუძლია კანონიერად აღკვეთოს ქმედება და დასაჯოს კონკრეტული ადამიანი ასეთი გამოხატვისთვის.
გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლი განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც კანცლერ ფრიდრიხ მერცს ონლაინ სივრცეში შეურაცხყოფს. მაგალითად, Facebook-ის მომხმარებელს 2000 ევროზე მეტი ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა მას შემდეგ, რაც მან მერცს "ლიუგენფრიცი", ანუ "მატყუარა ფრიცი" უწოდა.