23 ივნისი 2026,   01:56
ვრცლად
"ჯარის ბანაკი" დაიწყო - თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტი

ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლები დაიწყო. მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებს, რომლებიც პროექტში ჩაერთნენ, წინ დატვირთული და ემოციებით სავსე 6 დღე ელით: გაივლიან საცეცხლე მომზადებას, თვითგადარჩენის კურსს; შეისწავლიან ტოპოგრაფიასა და პირველად სამედიცინო დახმარებას, მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო და სამთო მომზადებაში.

მოსწავლეები შეხვდებიან სამხედრო ისტორიკოსებს, ქართული იარაღის მუზეუმის წარმომადგენლებსა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს. ჩაუტარდებათ სამოყვარულო უპილოტო საფრენი აპარატების გაცნობითი და პრაქტიკული მეცადინეობებიც.

ჯარის ბანაკში, რომელიც თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, საპატრიარქო აქტიურად არის ჩართული - წელს პირველად ბანაკში "საპატრიარქოს საათი" ჩატარდება.

ჯარის ბანაკის მოსწავლეებს შეხვდნენ და სიტყვით მიმართეს ქვეყნის მთავარსარდალმა და მთავრობის მეთაურმა. პრემიერის თქმით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიზიარონ ის სიამაყე, რასაც თითოეული ჯარისკაცი სამშობლოსთვის სამსახურში ყოველდღე განიცდის. პრეზიდენტმა კი, მოზარდებს შეახსენა, რომ სწორედ გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეულია.

ჯარის ბანაკის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე მოზარდებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმაც მიმართეს და იმ უნარებზე გააკეთეს აქცენტი, რომლებსაც მოსწავლეები ბანაკში ყოფნის პერიოდში შეიძენენ.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მთავრობის წევრებმა ბავშვებთან ერთად სასწავლო ინვენტარი დაათვალიერეს და ინსტრუქტორებისგან ფიზიკური აქტივობების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ჯარის ბანაკი წელს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორ ქვედანაყოფში - კოჯორსა და საჩხერეში ჩატარდება. მოზარდები, სამხედრო ლიდერი-ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, სამხედრო ქვედანაყოფებში აქტიურ, შემეცნებით, სიახლეებით დატვირთულ 6 დღეს გაატარებენ.

დღის ამბები