საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ "შემოქმედებითი საქართველოს" მხარდაჭერით, "გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026"-ზე მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა იყო წარმოდგენილი.
20 ივნისს, Factory Tbilisi-ში, საერთაშორისო აღიარების მქონე ინდუსტრიის ლიდერებთან და იმ ქართველ ხელოვანებთან გაიმართა შეხვედრები, რომლებიც მოდის, დიზაინისა და ციფრული ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებს ქმნიან.
საგანმანათლებლო კონფერენციებთან ერთად, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, რეჟისორმა მამუკა ტყეშელაშვილმა მონაწილეებს სტოპმოუშენის ტექნიკური თავისებურებები გააცნო, ხოლო ხელოვანმა ეკატერინე გეგუჩაძემ ცივი ბატიკის, მშრალი თელვისა და ქსოვილზე ხატვის მიმართულებებით ჩაატარა მასტერკლასები.
კულტურული პროგრამის ფარგლებში, სტუმრებისთვის მონიტორებზე ხელოვან დათო მაჭავარიანის მიერ შექმნილი გრაფიკული „ვეფხისტყაოსანი“ იყო წარმოდგენილი.
„გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026“ სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „რუსთავის“ კონცერტით დასრულდა. დამსწრე საზოგადოებას ანსამბლმა ქართული სიმღერისა და ცეკვის გამორჩეული ნიმუშები წარუდგინა.
„გლობალ ტექ ვიქენდი“ საერთაშორისო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პლატფორმაა, რომელიც 2024 წელს ლოს-ანჯელესში დაარსდა, 2025 წლიდან კი თბილისში იმართება.