ბუდაპეშტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ყველა ოფიციალური მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება გადაავადა, ინფორმაციას politico ავრცელებს.
ორ ევროპარლამენტარ დიპლომატზე დაყრდნობით, უნგრეთმა შეაფერხა მნიშვნელოვანი პროცედურული ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების წინ წასაწევად.
15 ივნისს ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ორივე ქვეყნისთვის პირველი ოფიციალური მოლაპარაკებების გახსნას.
ეს ნაბიჯი წლების განმავლობაში ბლოკირებული იყო უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა.
ორივე ქვეყანა იმედოვნებს, რომ სწრაფად წაიწევს წინ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ, თვის დასაწყისში POLITICO-სთან საუბრისას განაცხადა, რომ კიევის მიზანი ივლისის შუა რიცხვებისთვის მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერის გახსნაა.
თუმცა, ეს ვადები ახლა საფრთხის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა წინააღმდეგობა გაუწია ევროპული საბჭოსა და კომისიისთვის ბლოკის 27 წევრის სახელით წერილის გაგზავნას, რომელიც ევროკავშირის დედაქალაქების ერთობლივ პოზიციას აყალიბებს.
დიპლომატების თქმით, უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ნაბიჯს შეეწინააღმდეგა, რასაც 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.
ბრიუსელში უნგრეთის მუდმივი წარმომადგენლობის სპიკერმა საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
მაგიარის მთავრობა დაჟინებით მოითხოვდა ფრაზის - "რაც შეიძლება მალე" - ამოღებას კიევის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტიდან, რომელიც გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ მომზადდა, – აცხადებს ერთ-ერთი დიპლომატი.
გასულ კვირას, ევროპული საბჭოს შეხვედრის დასრულებისას გამართულ პრესკონფერენციაზე, მაგიარმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ჟურნალისტებს განუცხადა:
"სულ ექვსი კლასტერია და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მათი ერთდროულად გახსნა კარგი იდეაა - ნაწილობრივ იმიტომ, რომ პირველ კლასტერზე მელანიც კი არ გამშრალა, და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს არასწორ სიგნალს გაუგზავნის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს - სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას, რომლებმაც წლები გაატარეს ევროკავშირის წევრობისკენ მუშაობაში".