25 ივნისი 2026,   20:40
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებამ აწარმოვა გონივრული პოლიტიკა, ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად - შალვა პაპუაშვილი

საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. ანგარიშს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. "უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე" - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც მიმოხილულია მიღწევებიც და გამოწვევებიც.

ანგარიშის თანახმად, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა სტრუქტურული უმუშევრობა კვლავ გამოწვევად რჩება. ამავე დროს, კომპანიები სულ უფრო ხშირად ასახელებენ კვალიფიციური მუშახელისა და სამუშაო ძალის დეფიციტს ბიზნესის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა "ქართული ოცნების" პრაგმატული ნაბიჯების დამსახურებაა.

"საქართველოს ხელისუფლებამ აწარმოვა გონივრული პოლიტიკა, ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, როდესაც გვითრევდნენ ესკალაციაში და უნდოდათ, რომ საქართველოც ყოფილიყო იმ დაპირისპირების ნაწილი, რომელშიც საკუთარი უგუნური ქმედებით მთლიანად კონტინენტი შეიყვანეს.

არ მოვუსმინეთ ბრიუსელს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ჩვენთან უმუშევრობა, სიღარიბის მაჩვენებელი არის ისტორიულ მინიმუმზე, ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი შიდა პროდუქტი არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული პოლიტიკის შედეგი.

იქ, სადაც ეროვნული ინტერესებზე იზრუნებ, იქნები მოგებული, იქ, სადაც იფიქრებ იმაზე, თუ ბრიუსელს როგორ უნდა ასიამოვნო, იქნები წაგებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები