მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდებიან. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მართავს ამ ორივე ინსტიტუციას და აქცევს იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაარღვია სუვერენიტეტის პრინციპი და ასამბლეაში ქართული დელეგაცია სწორედ ამიტომ აღარ მონაწილეობს.
"ორივე ინსტიტუციაში წამყვან ჯგუფს წარმოადგენს ევროპული სახალხო პარტია და სხვა ასეთი ჯგუფები და ორივე ეს ინსტიტუცია იმართება ერთი პოლიტიკური ცენტრიდან, რომელსაც თავისი მავნე გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით. ამიტომაც არის, რომ ფაქტობრივად, ეს არის ერთმანეთისგან გადაწერილი ტექსტები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომხსენებლები რაღაც ერთ "ჩატში" არიან და მათ უზიარებენ და უგდებენ ტექსტებს, რომლებიც შემდეგ უნდა გაჟღერდეს სხვადასხვა რეზოლუციით თუ ტექსტით.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი - სუვერენიტეტი, რომ ხალხმა თავად გადაწყვიტოს, ვინ იყოს მათი ხელისუფალი, ამას PACE დღემდე არღვევს, ჩვენი დელეგაცია ამიტომაც არ მონაწილეობს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.