პარტია "დროა" ელენე ხოშტარიას კვლევებისთვის და შემდგომი მკურნალობისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. მიზეზად პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. ხოშტარიასთან უკვე იმყოფებოდა მის მიერ შერჩეული ექიმი, რომელიც, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, უწყების შეთავაზებას დაუყოვნებლივი შეხვედრის თაობაზე არ დათანხმდა.
მას შემდეგ, რაც ექიმმა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "კრიტიკულად" შეაფასა, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მას მდგომარეობის დეტალური განხილვისა და რეკომენდაციების გაცვლის მიზნით შეხვედრა შესთავაზა. უწყების განმარტებით, ექიმმა შეხვედრაზე უარი დროის უქონლობის გამო თქვა და აღნიშნა, რომ შეხვედრას მხოლოდ ორშაბათს საღამოს შეძლებს.
"მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება და დავავალე შესაბამისი სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომ მომხდარიყო კომუნიკაცია ქალბატონ მაკა იოსელიანთან. ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრა გუშინ, დღის ნებისმიერ პერიოდში, თუმცა, სამწუხაროდ და ჩემდა გასაოცრად, პასუხი მივიღე, რომ მას არ ეცალა და ჩვენთან შეხვედრას შეძლებდა მხოლოდ და მხოლოდ ორშაბათს, დაახლოებით 17:00 საათზე. ახლა, მე მინდა ვკითხო საზოგადოებას - თუ ადამიანი განიცდის ისეთ ტკივილს, ანუ, ეს ექიმის შეფასებაა და ვციტირებ მაკა იოსელიანის სიტყვებს... მესმის, შეიძლება დაკავებული ქალბატონი ბრძანდება, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მით უმეტეს ექიმებზე, თუმცა, როდესაც ექიმი ასე აფასებს პაციენტის მდგომარეობას, რომ მას გააჩნია ისეთი ტკივილები, რომ პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, ვფიქრობ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადაედო ყველაფერი და ეს უნდა ყოფილიყო მისთვის უმნიშვნელოვანესი," - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ.