"საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესრიგსა და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს" - ეს არის ოფიციალური თბილისის პასუხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, დოკუმენტი მიკერძოებულია, უგულებელყოფს ქვეყნის მიღწევებს და ავლენს ტენდენციურ დამოკიდებულებას როგორც არჩეული ხელისუფლების, ისე იმ კანონმდებლობის მიმართ, რომელიც საქართველოს სუვერენულ ინტერესებს ემსახურება.
ერთ დროს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით შექმნილი ინსტიტუტი დღეს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქცა – ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოშიც საუბრობენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელს ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის ავლებენ და აცხადებენ, რომ ორივე სტრუქტურა არსებითად ერთი და იმავე პოლიტიკური ჯგუფებითაა დაკომპლექტებული და იქ მიღებული რეზოლუციები ქართველ ხალხზე ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.
ერთადერთი მხარე, რომელიც ევროსტრუქტურების დოკუმენტს მიესალმება, ოპოზიციაა. ხელისუფლების ოპონენტები რეზოლუციას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საჭირო დამხმარე რგოლად თვლიან.
"მთავრობა ასრულებს ქართველი ხალხის ნებას და არა გარედან მიღებულ დირექტივებს" – ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იმ ნარატივებთან დაკავშირებით, რომლებსაც ევროსტრუქტურები და მათზე დამოკიდებული ოპოზიციური პარტიები ავითარებენ. კანონმდებლების განმარტებით, თბილისსა და ბრიუსელს შორის შეთანხმება მანამ ვერ შედგება, ვიდრე ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს რეალურ ინტერესებს არ გაითვალისწინებენ, რაც მშვიდობას, სუვერენიტეტისა და ეროვნული დამოუკიდებლობის დაცვას ეფუძნება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 24 ივნისს, 83 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი დაუჭირეს "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორმა "ევროპის სახალხო პარტიამ" და "ალდემ", რომელთა პოლიტიკა ლიბერალურ დღის წესრიგს ეფუძნება.