საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ანდრანიკ სიმონიანთან ერთად, საზღვრის დაცვის სამსახურს ეწვია და სპეციალური ძალების სადემონსტრაციო ჩვენებას დაესწრო.
მებრძოლებმა სხვადასხვა სახის სპეციალური ოპერაცია და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს.
სადემონსტრაციო წვრთნების შემდეგ, ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა სპეციალური ძალების ჯავშანტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
ღონისძიების დასასრულს, გეკა გელაძემ და ანდრანიკ სიმონიანმა დაღუპული მესაზღვრეების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.