26 ივნისი 2026,   22:17
ვრცლად
უწყვეტი 14 წლიანი მშვიდობა, ეკონომიკის მაღალი მაჩვენებელი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ინფრასტრუქტურული პროექტები, საგარეო პოლიტიკა - პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში

მთავრობის სამომავლო საქმიანობის მთავარი პოსტულატები, რომელმაც დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა უნდა განაგრძოს - პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, დღეს, ვრცლად და დეტალურად გააცნო.

საგაზაფხულო სესიის ბოლო სამუშაო კვირა, ტრადიციულად მთავრობის მეთაურის ანგარიშის მოსმენით დასრულდა. ირაკლი კობახიძემ, საანგარიშო წლის განმავლობაში შიდაპოლიტიკური რყევების მცდელობა გაიხსენა და თქვა, რომ 4 ოქტომბრის დაანონსებული დამხობის აღკვეთამ, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციაა დაამშვიდა.

პრემიერმა ოპონენტების მხრიდან, წლების განმავლობაში გადადგმულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებზე ისაუბრა და განმარტა, როგორ დაუპირისპირა მას მმართველმა ძალამ სიმართლე საკანონმდებლო და საინფორმაციო დონეზე.

ირაკლი კობახიძე, გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირებს. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს სტაბილური განვითარების წინაპირობა სწორედ ბიძინა ივანიშვილის გონივრულ ტაქტიკას და გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

საშინაო პოლიტიკური სტაბილურობა, პრემიერის აზრით, პირდაპირ კორელაციაშია ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებთანაც. ირაკლი კობახიძემ საქართველოს გეოსტრატეგიულ როლსა და გეოპოლიტიკურ ვექტორებზე ისაუბრა. თქვა, რომ ქვეყანა მეზობლებთან პარტნიორული დამოკიდებულებით რეგიონულ მშვიდობას უწყობს ხელს, სტრატეგიული პარტნიორობით ჩინეთთან ახალ შესაძლებლობებს ხსნის და მზადაა შეერთებულ შტატებთან ე.წ. სუფთა ფურცლიდან პარტნიორობის აღსადგენად.

პრემიერმა ქვეყნის ევროინტეგრაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ევრობიუროკრატების მიკერძოებული მიდგომების მიუხედავად, საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 80-პროცენტზე მეტი უკვე შეასრულა, რითაც სხვა ასპირანტ ქვეყნებს მნიშვნელოვნად უსწრებს.

პრემიერის მიმართვის დიდი ნაწილი ეკონომიკასა და ეკონომიკურ პროექტებზე საუბარს დაეთმო. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა კანონმდებლებს მოახსენა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა, ისტორიაში პირველად, 100 მილიარდ ლარს გადასცდა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 8-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.

გაზრდილი საშუალო ხელფასი, სამჯერ შემცირებული სიღარიბის მაჩვენებელი, ექსპორტის მნიშვნელოვანი მატება, უცხოური ინვესტიციების ზრდა და საგარეო ვალის განახევრება - ეს იმ მიღწევების არასრული სიაა, რომელიც პრემიერის განცხადებით, ქვეყნის პროგრესის წინაპირობაა.

ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული აქცენტი უკანონო მაინინგის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაზეც გააკეთა. თქვა, რომ განახლებულმა მიდგომამ კეთილსინდისიერ გადამხდელებს სულ მცირე დროში ათეულობით მილიონი დაუზოგა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური წინსვლის პარალელურად რკინიგზაში, ფოსტასა და საზღვაო გადაზიდვებში მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფოთისა და ანაკლიის პორტების მიმართულებით ახალი პროექტები ხორციელდება, სახმელეთო და სარკინიგზო გადაზიდვები. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაში დამატებით 3 მილიარდი დაიხარჯება. რკინიგზის ოპტიმიზაციამ კი გადაზიდვებთან ერთად, შემოსავლები და საოპერაციო მოგების მარჟაც გაზარდა.

ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარების წინაპირობად, პრემიერი კორუფციასთან აქტიურ ბრძოლას და მმართველობის ყველა რგოლში მის აღმოფხვრას მიიჩნევს. ირაკლი კობახიძემ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ კუთხით გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა. თქვა, რომ დღეს მთავრობა სრულად გამჭვირვალედ მუშაობს, ხარჯების ოპტიმიზაციას კი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წლიური ანგარიშით, საკანონმდებლო ორგანოში, ტრადიციულად, საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიდის. პრემიერის მოხსენებით 2026 წლის საგაზაფხულო სესია პარლამენტში ოფიციალურად დაიხურა.

დღის ამბები