26 ივნისი 2026,   22:38
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტში - რამდენიმე საათიანი კითხვა-პასუხი დეპუტატებთან და პოლიტიკური შეფასებები

სამომავლო გეგმები, განხორციელებული სამუშაოები და ქვეყნის შიდა პოლიტიკა – ამ საკითხებზე დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშით მისულ პრემიერ-მინისტრს კითხვები დაუსვეს. აქტიურობას გიორგი გახარიას გუნდის წევრები იჩენდნენ და აქცენტს ანექსიის პროცესებზე აკეთებდნენ, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ ამ თემით სპეკულირების უფლება არ აქვთ, რადგან იმ პოლიტიკოსის გუნდის წევრები არიან, რომლის პოლიტიკამაც ქვეყანას დამატებითი ტერიტორიები დააკარგვინა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება 2012 წლიდან ატარებს, პრაგმატულია. ამას კი ის გარემოება ადასტურებს, რომ ქვეყანას უწყვეტი მშვიდობის 14-წლიანი პერიოდი აქვს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სწორედ სახელისუფლებო გუნდის ძალისხმევის შედეგია, რომ ინტერვენციის ყველა ფორმა შეჩერებულია.

ქვეყნის საგარეო კურსსა და კონსტიტუციის 78-ე მუხლს აქტუალობა არც დღევანდელ გამოსვლებში დაუკარგავს. გიორგი გახარიას გუნდის წევრები დაინტერესდნენ, ნიშნავს თუ არა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან დასავლეთთან კავშირების გაწყვეტას. საპარლამენტო ოპოზიციის ამ ნაწილს დარბაზში მყოფმა უმრავლესობის წევრებმა კომპეტენცია დაუწუნეს.

ურთიერთბრალდებები სხდომათა დარბაზში დღეს არაერთ საკითხთან დაკავშირებით ისმოდა, მათ შორის იყო 20 ივნისის თემაც. გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწიათ ამომწურავად მოესმინათ, რა მოხდა რეალურად და რა კავშირში იყო მათი ლიდერი ამ საქმესთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში პასუხობდა, თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის ანგარიში დამაკმაყოფილებელი მაინც არ აღმოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავი იყო.

ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრები საერთაშორისო ხელშეკრულებებითაც დაინტერესდნენ.

ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უკვე განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს ეხებოდა შეკითხვები, რომლებიც "ქართული ოცნების" წევრებმა დასვეს და რომლებზეც პასუხები უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან მიიღეს.

მთავრობის მეთაურმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს 2025 წლისა და 2026 წლის პირველი ნახევრის ანგარიში წარუდგინა.

დღის ამბები