01 ივლისი 2026,   15:24
ვრცლად
ჟოზეფ ბორელი: ევროკომისია დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ევროკავშირს, არამედ მხოლოდ ევროკომისიას

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, ევროკომისიის მზარდი გავლენა დიპლომატიასა და თავდაცვის სფეროში მწვავედ გააკრიტიკა.

ბორელი ამტკიცებს, რომ კომისია სცდება ხელშეკრულებებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და ქმნის გაურკვევლობას, თუ ვინ საუბრობს ევროპის სახელით მსოფლიო ასპარეზზე.

ინტერვიუში, რომელიც მან POLITICO-ს მისცა, განაცხადა, რომ კომისიისა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის - ევროკავშირის დიპლომატიური ფრთის ფუნქციები ბლოკის საგარეო პოლიტიკის მექანიზმში „საკმაოდ დიდ ქაოსს“ ქმნის.

"კომისია ევროკავშირის სახელით არ საუბრობს; კომისია წარმოადგენს მხოლოდ კომისიას", - აღნიშნა ბორელმა.

ეს შეფასებები ყველაზე მკაფიო საჯარო კრიტიკაა ევროკავშირის ყოფილი მთავარი დიპლომატის მხრიდან, ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობის პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები პირად საუბრებში ხშირად აკრიტიკებდნენ კომისიის მიერ დიპლომატიური არეალის მუდმივ გაფართოებას, ბორელი არის პირველი ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელმაც ასე პირდაპირ განაცხადა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, რომელიც ხელშეკრულებების გარანტორი უნდა იყოს, რეალურად გადაკვეთა ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი წითელი ხაზები.

ბორელი, პოლიტიკოსი, რომლის კარიერაც მოიცავს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტებს, იყო კაია კალასის წინამორბედი EEAS-ის ხელმძღვანელის პოსტზე და კალასის მსგავსად, მასაც ჰქონდა დაპირისპირებები ფონ დერ ლაიენთან.

ბორელმა ისაუბრა ხმელთაშუა ზღვის საკითხებში კომისარი დუბრავკა შუიცასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ კვირას ისრაელის ოფიციალურ პირებს შეხვდა - ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა გაწყვიტა კავშირი კაია კალასთან, იმ ინფორმაციის გამო, რომ კალასმა ისრაელის მიერ პალესტინელების მიმართ მოპყრობა აპარტეიდის დროინდელ სამხრეთ აფრიკას შეადარა.

ბორელის თქმით, ეს ცხადყოფს, რომ კომისია სცდება თავის კომპეტენციას და "ფეხს აჭერს" ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს.

"რა უფლებამოსილებით მიდის კომისარი ისრაელში იმის სათქმელად, რომ ევროკავშირს და ისრაელს ერთმანეთი უყვართ, და თანხმდებიან და ზეიმობენ ისრაელის როლს მშვიდობასა და სტაბილურობაში, როდესაც ამავე დროს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ისრაელი კარს უკეტავს?" - კითხულობს ის.

მან მოიშველია ევროკავშირის ხელშეკრულება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომისიამ "უნდა უზრუნველყოს კავშირის გარე წარმომადგენლობა", თუმცა "გარდა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა".

ბორელისთვის მკაფიო ზღვარია, ევროკავშირის პოლიტიკის გარე განზომილებასა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას შორის, რომელიც წევრი ქვეყნების დედაქალაქების ხელშია.

"რა თქმა უნდა, კომისიას აქვს პოლიტიკა, რომლებსაც გარე განზომილება აქვთ", - ამბობს ის - "მაგრამ ეს ერთი საკითხია, ხოლო მეორეა - პრეტენზია გქონდეს, განსაზღვრო კავშირის პოზიცია ირანთან ომში, ან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა კონფლიქტებში. ეს არ არის გარე ურთიერთობები. ეს არის საგარეო პოლიტიკა... თუ გსურთ საგარეო პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება, მაშინ მიდით საბჭოში", სადაც წევრ ქვეყნებს აქვთ საგარეო პოლიტიკის კომპეტენცია.

ბორელისთვის იგივე ინსტიტუციური დაძაბულობა ახლა თავდაცვის პოლიტიკაშიც იჩენს თავს. „დღეს რომ უმაღლესი წარმომადგენელი ვიყო და ვიჯდე მაგიდასთან, სადაც ვიღაც ამბობს: 'მე ვაპირებ ევროპის თავდაცვის კავშირის აშენებასო', თავს ცოტა არაკომფორტულად ვიგრძნობდი", - აღნიშნა მან.

მისი აზრით, კომისია თავდაცვის საკითხებშიც სცდება თავის როლს, რომელიც, საგარეო საქმეების მსგავსად, წევრი ქვეყნების კომპეტენციაა.

2024 წელს ფონ დერ ლაიენმა დანიშნა თავდაცვის პირველი კომისარი - ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი და დაავალა მას "ევროპის თავდაცვის კავშირის" აშენება, - ბორელის თქმით, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ კომისიამ გააფართოვა ნება, იყოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი. თეორიულად, კუბილიუსი "მხოლოდ თავდაცვის ინდუსტრიის კომისარია", რაც შეესაბამება კომისიის უფლებამოსილებებს ბაზრის რეგულირების საკითხებში, - "მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე არ არის", - თქვა ბორელმა. "ეს არის დავალება, რომელსაც ხელშეკრულება უმაღლეს წარმომადგენელს აძლევს".

"თუ დაიწყებთ ასეთი ინსტიტუციური სტრუქტურის აშენებას, კონფლიქტი გარდაუვალია", - აცხადებს ბორელი და დასძენს, რომ სისტემა "დასაზუსტებელია".

მისი თქმით, სწორი მიდგომაა, რომ "თავდაცვის პოლიტიკა იყოს მთავრობათაშორისი პოლიტიკა, რადგან ეს არის რეალობა. კომისია ვერ იქნება 'ჩრდილოვანი პენტაგონი'".

დღის ამბები