სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში, მოქალაქე თენგიზ ჭანტურიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.
თამარ ჩერგოლეიშვილის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებასა და წარდგენილ მტკიცებულებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი საუბრობს.
"თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. სასამართლომ დღეს განიხილა ჩვენს მიერ წარმოდგენილი ოქმი და მტკიცებულებები, რომლებიც ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოვიპოვეთ და დაადასტურა სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა. შეურაცხმყოფელი კომენტარი იყო მოქალაქის მიმართ - აღნიშნული პიროვნების ვიდეო იდო სოციალურ ქსელში, გავრცელებული ერთ-ერთ გვერდზე. სქრინის სახით წარმოვადგინეთ მტკიცებულებად კომენტარის შინაარსი," - განაცხადა სალომე ქირიამ.