01 ივლისი 2026,   15:24
ვრცლად
ვახტანგ ცინცაძე: Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება ჩვენი ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს ეფუძნება

„სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება, უპირველესად, ეფუძნება საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს. გეოპოლიტიკური და გლობალური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა   ინარჩუნებს მდგრადობას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. 

ვახტან ცინცაძის თქმით, Moody’s თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ მაღალი - სარეიტინგო კომპანიას აქვს მოლოდინი, რომ 2026 წელს შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, კერძოდ, ეკონომიკური ზრდა იქნება 6,4 პროცენტი, რაც წინა შეფასებასთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.  Moody’s-ის პროგნოზით, 2027 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი  5,5 პროცენტი იქნება.

„ასევე, Moody’s საშუალოვადიან პერიოდში მოელის, რომ საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 5-დან 6 პროცენტის ფარგლებში იქნება. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანია ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სტრატეგიულ როლზე შუა დერეფანში და  იმ პროექტებზე, რომლებსაც  საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის, ეს არის  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ვაზიანის ახალი აეროპორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი და სხვა პროექტები, რომლებიც,  საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის დაკავშირებადობის ზრდას, ასევე  დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და, ზოგადად, ქვეყნის სტრატეგიული როლის ამაღლებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით,  სარეიტინგო სააგენტო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის  სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

„ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ უზრუნველვყოთ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში საშუალებას მოგვცემს, ქვეყანამ  მიაღწიოს საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონეს სარეიტინგო სააგენტოების შეფასებების მიხედვით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

დღის ამბები