მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრებს უმასპინძლა და ანაკლიისა და ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაცია დაგეგმილ პროექტებს გაეცნო, რა დროსაც განსაკუთრებული ხაზი შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს პორტების სრულ მზაობას გაესვა.
ლაზიზ კუდრატოვი, უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს.
"ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული სფეროა საქართველოს ინფრასტრუქტურის, პორტებისა და ინდუსტრიული ზონების გამოყენება უზბეკი მწარმოებლებისთვის, არა მხოლოდ საქართველოს გავლით ვაჭრობისთვის, არამედ აქ წარმოებისთვისაც. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც დღეს ანაკლიისა და ფოთის პორტები მოვინახულეთ.
ჩვენ დავათვალიერეთ ობიექტები და აღფრთოვანებული ვართ ინფრასტრუქტურით, ასევე იმ სამუშაოებით, რომლებიც მიმდინარეობს გლობალურ ლოგისტიკაში საქართველოს სტრატეგიული როლის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად. განვიხილეთ რამდენიმე ვარიანტი უზბეკეთის ლოგისტიკური და წარმოების ჰაბის მოსაწყობად, საქართველოს ერთ-ერთ პორტში.
ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მთავრობასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და პორტების ოპერატორებთან, რათა შევიმუშაოთ კონკრეტული და მყარი გეგმა აქ ჩვენი წარმომადგენლობის დასაფუძნებლად.
ჩვენ მადლიერნი ვართ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისთვის და ორმხრივი ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოების ერთგულებისთვის," - აცხადებს ლაზიზ კუდრატოვი.