საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული, ე.წ. "ლენდლორდის" მოდელით აშენდება.
ამ მიდგომის მიხედვით, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარება-მართვას თავად უზრუნველყოფს.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, "ლენდლორდის" მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის, აკაკი საღირაშვილის თქმით, შუა დერეფნის მიმართ გაზრდილი ინტერესის ფონზე, სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება დროულია.
"იმ ფონზე, როდესაც ინტერესი შუა დერეფნის მიმართ არის მომატებული, ვფიქრობთ, სწორი და დროულია, სახელმწიფომ ისარგებლოს ამ მომენტით და მისი როლი და ფუნქცია, პროექტთან დაკავშირებით, გამოკვეთოს და გააძლიეროს. იგულისხმება "ლენდლორდის" მოდელით პროექტის განვითარება. აღნიშნული მისცემს შესაძლებლობას ხელისუფლებას, რომ უფრო გააფართოოს ინვესტორთა წრე, ვინაიდან ინვესტორები ითვალისწინებენ რა, რომ რისკები დაბალანსებულია პროექტის მიმართ, უფრო თამამი გადაწყვეტილება მიიღონ და წაახალისებს ინვესტორთა გადაწყვეტილებას", - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.