სამხედრო მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ თავდაცვის გაზრდილი დაფინანსება, გადაიარაღების ახალი ვალდებულებები და ირანთან დაკავშირებული პოლიტიკური ჟესტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დააკმაყოფილებს.
შიდა დაპირისპირებებით, კრიზისებითა და ურთიერთბრალდებებით სავსე მძიმე წლის შემდეგ, ნატოს ქვეყნები ანკარას სამიტზე უკვე ნაცნობ ტაქტიკას ირჩევენ - დაამშვიდონ დონალდ ტრამპი და ილოცონ, რომ სიურპრიზები არ მოხდეს. თემაზე ვრცელ სტატიას politico აქვეყნებს.
ალიანსისთვის უპრეცედენტოდ დაძაბული წლის შემდეგ, რაც დიდწილად აშშ-ის პრეზიდენტის ფაქტორით იყო გამოწვეული, ნატოს ლიდერები სამშაბათს თურქეთში იკრიბებიან, სადაც ერთიანობის დემონსტრირების იმედი აქვთ - წერს გამოცემა.
გრენლანდიის ანექსიის მუქარის შემდეგ ტრამპი მოკავშირეებს მუდმივად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ისინი ირანში ვაშინგტონის სამხედრო ოპერაციას სათანადოდ მხარს არ უჭერდნენ. პარალელურად, მისი ადმინისტრაცია იმ ქვეყნებისთვის საპასუხო ზომებითაც იმუქრებოდა, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხებს არ ხარჯავენ.
ნატოს ევროპელი მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ, რათა ტრამპის უკმაყოფილება თავიდან აიცილონ. მათი სტრატეგია, თავდაცვის გაზრდილი ხარჯების წარმოჩენას, შედარებით ნაკლებად სადავო თემაზე, თავდაცვით ინდუსტრიაზე ყურადღების გამახვილებას, გადაიარაღების გაგრძელების პირობასა და ირანის საკითხში პოლიტიკური მხარდაჭერის სიგნალების გაგზავნას მოიცავს.
"მასთან ურთიერთობის სხვა გზა არ არსებობს - უნდა ვიყოთ დიპლომატიურები, ზედმეტად არ გავაღიზიანოთ და დავანახოთ, რომ ძალისხმევას ვაძლიერებთ", - განუცხადა POLITICO-ს ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა. "ზუსტად ამას ვაკეთებთ" - აღნიშნავს ფრანკენი.
"მიზანი მხოლოდ ერთია - ერთი ადამიანი კმაყოფილი დარჩეს", - განაცხადა ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა, რომელმაც, სტატიაში მოყვანილი სხვა რესპონდენტების მსგავსად, ანონიმურობა ითხოვა. "ფაქტობრივად, მთელი სამიტი ტრამპის დამშვიდების სტრატეგიას ემსახურება" - დასძენს რესპოდენტი.
მიუხედავად ნატოს უდიდესი მცდელობისა, შეინარჩუნოს კონსენსუსზე დაფუძნებული დღის წესრიგი, ტრამპი კვლავ არაპროგნოზირებად ფიგურად რჩება. თავდაცვის ხარჯებზე უთანხმოებამ, ევროპულ სამხედრო ბაზებზე აშშ-ის წვდომის საკითხმა, თავდაცვის დაფინანსებამ და ირანში მყიფე ცეცხლის შეწყვეტამ შესაძლოა ნებისმიერ დროს ახალი დაძაბულობა გამოიწვიოს.
"თუ ირანში კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, და ამის გამორიცხვა შეუძლებელია, ხოლო ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ ევროპელებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, მაშინ ეს საკითხი მთლიანად გადაფარავს სამიტის დანარჩენ დღის წესრიგს", - ამბობს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი და ნატოს ყოფილი მაღალჩინოსანი გერლინდე ნიჰუსი.
სამიტის წინ თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტრამპის განწყობა "ოპტიმიზმისა და ირანთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთების ნაზავია".
ნატოს წევრებმა ტრამპის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწიეს.
ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დიპლომატის თქმით, სამიტის მთავარი აქცენტი სწორედ იმ საკითხზე გაკეთდება, რომელიც ტრამპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ფულზე.
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე ცდილობს აჩვენოს, რომ მოკავშირეები თავდაცვაზე უპრეცედენტო მოცულობის სახსრებს ხარჯავენ მას შემდეგ, რაც გასულ წელს აიღეს ვალდებულება, 2035 წლისთვის თავდაცვისთვის მშპ-ის 3.5% გამოყონ - წერს გამოცემა.
გასულ თვეში ვაშინგტონში ვიზიტისას რიუტემ ტრამპს წარუდგინა დიაგრამა სათაურით "ტრამპის ტრილიონი" და განუცხადა, რომ 2025 წლიდან მოკავშირეებმა თავდაცვაზე დამატებით 139 მილიარდი დოლარი დახარჯეს.
ანკარაში დაგეგმილ თავდაცვითი ინდუსტრიის ფორუმზე წევრი ქვეყნები ასევე გამოაცხადებენ შესყიდვების მრავალმილიარდიან შეთანხმებებს.
რიუტე ასევე ცდილობს, სამიტის მთავარი თემა თავდაცვითი წარმოების გაფართოება გახდეს.
ეს, ერთი მხრივ, პასუხობს ევროპის რეალურ გამოწვევას - გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტები პრაქტიკულ სამხედრო შესაძლებლობებად გარდაქმნას. მეორეს მხრივ კი, ორი ნატოელი დიპლომატის თქმით, მიზანია დისკუსიის ისეთ საკითხებზე კონცენტრირება, რომლებიც ნაკლებად სადავოა, და ასევე, ტრამპის დაინტერესება ახალი შეიარაღების კონტრაქტებითა და ერთობლივი საწარმოებით, რომლებიც ამერიკის სამხედრო ინდუსტრიასაც სარგებელს მოუტანს.
მოკავშირეები ცდილობენ ტრამპთან საერთო ენა ირანის საკითხშიც გამონახონ.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი ნატოს უშუალო პასუხისმგებლობის სფეროს არ განეკუთვნება, სამიტის დეკლარაციაში აისახება მოწოდება, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს და ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა არასოდეს ჰქონდეს.
ნატოს ორი დიპლომატის შეფასებით, ეს ტრამპის მისამართით გამოგზავნილი შერიგების ჟესტია, რადგან ალიანსის წევრებს შორის ირანში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობს.
მოკავშირეები ასევე დაადასტურებენ, რომ ევროპის თავდაცვის ტვირთის უფრო დიდი ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ. მას შემდეგ, რაც მაისში აშშ-მა ნატოს სამხედრო გეგმებში საკუთარი შესაძლებლობები, მათ შორის, ავიაცია, ბომბდამშენები და სამხედრო ხომალდები შეამცირა, სხვა წევრმა სახელმწიფოებმა დამატებითი ძალები გამოყვეს და ეს დანაკლისი მათ პრაქტიკულად სრულად შეავსეს.
თუმცა, საფუძვლიანი მზადებაც კი ვერ იძლევა გარანტიას, რომ ტრამპი სამიტის მსვლელობისას უკმაყოფილებას არ გამოხატავს. ჯერჯერობით არსებული სიგნალებიც ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად იძლევა.
გასულ კვირას ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა მოკავშირეები თავდაცვის არასაკმარისი დაფინანსების გამო.
"აბსურდულია, რომ შეერთებული შტატები კვლავ ცალმხრივად იღებდეს ტვირთს, მაშინ როცა ურთიერთობა ორმხრივი არ არის", - დაწერა მან.
ამ განცხადებას წინ უსწრებდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მკაცრი გაფრთხილება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თავდაცვის ხარჯების მიზნობრივ მაჩვენებლებს ვერ ასრულებენ. მან ასევე გამოაცხადა აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის ექვსთვიანი გადახედვა ამ ქვეყნებში.
გავრცელებული ინფორმაციით, განიხილებოდა ძალების დაუყოვნებლივ შემცირებაც.
ეს შესაძლოა კონკრეტული ქვეყნების მისამართით მიზანმიმართულ კრიტიკადაც იქცეს. გასულ წელს, სლოვენიამ, ალბანეთმა და ჩეხეთმა ნატოს ძველი მიზანი - თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ის დახარჯვა, ვერ შეასრულეს, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, კრიტიკა სამომავლო გეგმების გამოც დაიმსახურეს.
ამასთან, ტრამპი კვლავ უკმაყოფილოა იმითაც, რომ ევროპელი მოკავშირეები ირანში სამხედრო ოპერაციაში ჩართვას არ დათანხმდნენ.
გერმანიის ორი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ბერლინში შიშობენ, რომ ტრამპმა შესაძლოა სამიტი ევროპისგან ირანის აღდგენისთვის განკუთვნილ, სავარაუდოდ 300 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდში ფინანსური მონაწილეობის მოთხოვნით დაძაბოს.
თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა შეასრულონ როგორც უსაფრთხოების, ისე თავდაცვის დაფინანსების ვალდებულებები".
ამავე დროს, ტრამპი შესაძლოა დაუპირისპირდეს ისეთ მოკავშირეებსაც, როგორიც საფრანგეთია, რომელიც თავდაცვის სფეროში უფრო პროტექციონისტულ მიდგომას ემხრობა.
ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტეკერმა განაცხადა:
"ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმ პროტექციონისტულ მიდგომებს, რომლებიც ევროპული თავდაცვის არაერთ ინიციატივაში გვხვდება და ფაქტობრივად მოკავშირეების ნაწილის გამორიცხვას იწვევს.“
ამასთან, დიპლომატების შეფასებით, შესყიდვების შესახებ გამოცხადებული შეთანხმებების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე არსებული პროექტების ახალი ფორმით წარდგენაა. მათი თქმით, წევრ ქვეყნებს აღარ აქვთ საკმარისი პოლიტიკური და ფინანსური რესურსი, რომ ტრამპს ახალი მასშტაბური ინიციატივები შესთავაზონ.
"რეალურად, ისინი ტრამპს ძალიან ცოტას სთავაზობენ, სამიტს რაიმე მასშტაბური შედეგი არ ექნება", - ამბობს ნიჰუსი.
თუმცა, კულისებში, ნატოს წევრები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მუდმივი დამშვიდების პოლიტიკა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.
დღეს ევროპისა და კანადის წილი ნატოს საერთო თავდაცვით ხარჯებში 41%-ს შეადგენს, თუმცა აშშ-ის ხარჯების დიდი ნაწილი ევროპასთან დაკავშირებული არ არის. ამასთან, ვაშინგტონს კვლავ აქვს უნიკალური შესაძლებლობები - დაზვერვის, საჰაერო თვალთვალის, საჰაერო საწვავით უზრუნველყოფისა და ბირთვული შეკავების მიმართულებით.
მიუხედავად ამისა, ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შეფასებით, ევროპული თავდაცვის ხარჯების ზრდასთან ერთად მოკავშირეების თავდაჯერებულობაც გაიზრდება:
"ეს ნატოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გარდაქმნაა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამას აშშ-ის ადმინისტრაციაში ყველა სრულად აცნობიერებს. ისინი წლების განმავლობაში ლიდერის როლს იყვნენ მიჩვეულნი, მაგრამ უახლოეს წლებში ეს შესაძლოა შეიცვალოს". ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, დაახლოებით ათეული ქვეყანა ანკარაში ახალი კოალიციის შექმნას გამოაცხადებს, რომლის მიზანიც შორი მოქმედების ზუსტი დარტყმის შესაძლებლობების განვითარება იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი მიიჩნევს, ასეთი შესაძლებლობების გაფართოება რუსეთთან ესკალაციის რისკს ზრდის.
ევროპელმა მოკავშირეებმა, შესაძლოა, ვაშინგტონის მიმართ უფრო მომთხოვნებიც გახდნენ ნატოს ფარგლებში სამხედრო შესაძლებლობების განაწილებისა და ახალი სამხედრო გეგმების შემუშავების პროცესში.
"ჩვენ ამერიკა გვჭირდება. ვიქნებით დიპლომატიურები, მოვუსმენთ მათ და შევეცდებით კონსტრუქციული ურთიერთობა შევინარჩუნოთ", - ამბობს ფრანკენი.
"მაგრამ ამავე დროს, უფრო პრაგმატულებიც უნდა ვიყოთ და ყოველთვის ჩვენი ინტერესებიდან გამოვიდეთ".
ლუკა ჩლაიძე