07 ივლისი 2026,   16:11
ვრცლად
ვნახე ღირსება, გამბედაობა და მტკიცე ნება - მაკრონი სირიაში აფეთქებების ფონზე ვიზიტს აგრძელებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიაში ვიზიტს აგრძელებს.
ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პოლიტიკური პროცესები დაძაბულია, საფრანგეთის ლიდერი სირიელი ხალხის მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გზავნილში მაკრონი ხაზს უსვამს, რომ სირიის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ხალხის სიმამაცეს აღნიშნავს:

"ვერაფერი შეაჩერებს სირიელი ხალხის სწრაფვას, იცხოვრონ სრულად სუვერენულ, უსაფრთხო, პლურალისტურ და ერთიან სირიაში. დღეს დილით მე ვიხილე სირია მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ვნახე ღირსება, გამბედაობა და მტკიცე ნება. ჩემი ვიზიტი გრძელდება", - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

ემანუელ მაკრონი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც სირიას 2024 წლის შემდეგ ეწვია.

პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრა სირიის ახალ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან.

ცნობისთვის, Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სირიაში, იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც ემანუელ მაკრონი იყო დაბინავებული, აფეთქებების ხმა გაისმა. ელისეის სასახლის ინფორმაციით კი, საფრანგეთის პრეზიდენტს ეს აფეთქებები არ გაუგია.

Reuters-ს თვითმხილველმა განუცხადა, რომ აფეთქებების ხმა გაიგო და კვამლიც ჩანდა. ამასთან, სხვა წყაროს ცნობით, აფეთქების შემდეგ, გზები გადაიკეტა და უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იქნა მიღებული.

დღის ამბები