07 ივლისი 2026,   18:35
ვრცლად
​მე არ ვარ ოპტიმისტი იმის შესახებ, რომ რომელიმე ჩვენგანი უახლოეს პერიოდში სწრაფად გახდება ევროკავშირის წევრი. ადრე ამის გამო პესიმისტად მიყურებდნენ, მაგრამ დღეს აშკარაა, რომ ჩემს შეფასებაში მართალი ვიყავი - ალექსანდრ ვუჩიჩი

მე არ ვარ ოპტიმისტი იმის შესახებ, რომ რომელიმე ჩვენგანი უახლოეს პერიოდში სწრაფად გახდება ევროკავშირის წევრი. ადრე ამის გამო პესიმისტად მიყურებდნენ, მაგრამ დღეს აშკარაა, რომ ჩემს შეფასებაში მართალი ვიყავი, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ბელგრადში ტარდება.

"ბატონმა სტეფანჩუკმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა: ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები უნდა ვიყოთ. რუსლან, ეს სიმართლეა და შესანიშნავი სურვილია, თუმცა, სამწუხაროდ, ამის განხორციელება რთულია. დასავლეთ ბალკანეთში ჩვენ ყოველთვის გაყოფილები ვიყავით. ხშირად ვაკეთებდით იმას, რასაც სხვები გვკარნახობდნენ, როგორც თითქოს სწორ გადაწყვეტილებას. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვაძლევდით სხვებს საშუალებას, ერთმანეთზე გადაგვეკიდებინათ, ეთქვათ: "ესენი უკეთესები არიან, ისინი - უარესები". მე არ ვარ ოპტიმისტი იმის შესახებ, რომ რომელიმე ჩვენგანი უახლოეს პერიოდში სწრაფად გახდება ევროკავშირის წევრი. ადრე ამის გამო პესიმისტად მიყურებდნენ, მაგრამ დღეს აშკარაა, რომ ჩემს შეფასებაში მართალი ვიყავი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ ევროპული გზით სწრაფი სვლა და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში ვიყავი და ბატონ პაპუაშვილს შევხვდი. ბევრი რამ ვისწავლე - არა მხოლოდ მასთან საუბრისას, არამედ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრების დროსაც. ბევრი რამ გავიგე ჩვენს ურთიერთობებზე, იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია სხვადასხვა ფორმატში უკეთ ვითანამშრომლოთ, ერთმანეთისგან მეტი ვისწავლოთ და ერთმანეთს უფრო მეტად დავეხმაროთ", - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბელგრადში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მონაწილეობს. სერბეთისა და უკრაინის ინიციატივით ორგანიზებული ფორმატის მიზნად, კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავება, პოზიციების კოორდინაცია და ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა სახელდება.

 

დღის ამბები