ინფრასტრუქტურის მინისტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეწვია. ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მდინარე ენგურისგან ჭაბურღილების დასაცავად, სოფელ ლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიგეგმება.
პარალელურად, რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. დასრულდა სოფელ საჩინოს სკოლის მშენებლობა, ფინალურ ეტაპზეა წალენჯიხის მე-5 საჯარო სკოლა, ფახულანში სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. გარდა ამისა, უკვე დაწყებულია წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის ახალი, 600 მოსწავლეზე გათვლილი შენობის პროექტირება.
"ვიმყოფებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. დავათვალიერეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დღეს აქტიურად მიმდინარეობს წალენჯიხაში. ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. გვაქვს რამდენიმე გამოწვევა, რომელსაც ასევე გავეცანით და დავიწყეთ პროცესი, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. მათ შორის, სტიქიასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენი სამინისტრო წალენჯიხაში ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ," - აცხადებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე.