საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სიძულვილის ენის სამმართველოს ამოქმედების შემდეგ, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენამ მკვეთრად იკლო.
მისივე თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქმედებების გამოსწორებას არ ცდილობენ, რადგან კონკრეტული დავალებები აქვთ მიღებული, თუმცა ადამიანები, რომლებიც მათ ჰბაძავენ, სავარაუდოდ, აზრს შეიცვლიან.
"ვფიქრობ, საზოგადოებაც ამჩნევს, რომ სოციალურ მედიაში სიძულვილის ენამ იკლო. რა თქმა უნდა, გვყავს გამოუსწორებელი რეციდივისტები, მლანძღველები, მაგინებლები, რომელთაც არაფერი გამოასწორებთ. მათი ნირი არის ასეთი, რომ უნდა იძალადონ ვერბალურად თუ ფიზიკურად, ეს არის მათი დავალება, რომელსაც იღებენ იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ.
რეციდივისტებს, ალბათ, არაფერი ეშველებათ, მაგრამ ის, ვინც აყოლილი იყო ამ ყალბ პოლიტიკურ კულტურას, რომელსაც ევროპულ კულტურად ასაღებენ, დაფიქრდება. თურმე გინება, ლანძღვა და უხამსობა არის ევროპულობა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა იმას მიაღწია, რომ ლანძღვა-გინება ევროპულობასთანაა გაიგივებული.
ვფიქრობ, ეს აყოლილი ადამიანები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, იმიტომ, რომ სწორედ ეს არის ევროპული კულტურის ბაზისი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.