პარიზის სააპელაციო სასამართლომ "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს ლე პენის 2027 წლის საპრეზიდენტო ამბიციებთან დაკავშირებით, - წერს EURONEWS.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სასამართლომ ლე პენს არჩევით თანამდებობაზე კენჭისყრის აკრძალვის ვადა შეუმცირა, რაც თეორიულად მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გზას უხსნის.
თუმცა, განაჩენი ითვალისწინებს სამწლიან პატიმრობას, საიდანაც ორი წელი პირობითია, ხოლო ერთი წელი ლე პენმა ელექტრონული სამაჯურით უნდა გაატაროს. თავად ლე პენს ადრეც განუცხადებია, რომ საპრეზიდენტო კამპანიას ელექტრონული სამაჯურით არ აწარმოებს.
საქმე ეხება 2004-2016 წლებში ევროპარლამენტის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას. გამოძიების თანახმად, პარტია „ეროვნული გაერთიანება“ იყენებდა ევროპულ ფონდებს საფრანგეთში პარტიული თანამშრომლების ხელფასების დასაფარად. გასულ წელს გამართულმა პირველმა სასამართლო პროცესმა ლე პენი, პარტია და 24 ყოფილი ევროპარლამენტარი დამნაშავედ ცნო.
აპელაციის განხილვისას მარინ ლე პენმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ პარტია კეთილსინდისიერად მოქმედებდა. მან აღნიშნული საქმე „ჯადოქრებზე ნადირობას“ შეადარა და აღნიშნა:
„ჩვენ არ გვქონია სისტემა ევროპარლამენტის სახსრების მითვისებისთვის, პარტია სრული კეთილსინდისიერებით მოქმედებდა“.
პროკურატურის მტკიცებით, ლე პენმა „პროფესიონალურ დონეზე“ აიყვანა ევროპული სახსრების უკანონოდ მიტაცების სქემა, რომელიც ჯერ კიდევ მისი მამის, ხელმძღვანელობის პერიოდში, სპონტანურად დაინერგა, ხოლო 2011 წელს ლიდერობის გადაბარების შემდეგ, მან ეს პროცესი დახვეწა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გავლენას მოახდენს სასამართლოს გადაწყვეტილება „ეროვნული გაერთიანების“ პოლიტიკურ რეიტინგზე და თავად ლე პენის სამომავლო გეგმებზე, თუმცა გადაწყვეტილება საფრანგეთის პოლიტიკურ სპექტრში დიდ ვნებათაღელვას იწვევს.