სომხეთსა და ირანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, ინვესტიციებისა და უსაფრთხოების მიმართულებით, თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის, - განაცხადა სომხეთში ირანის ელჩმა, ხალილ შირღოლამიმ.
ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე ელჩმა აღნიშნა, რომ თეირანი მზად არის, სომხეთ-ირანის თანამშრომლობა დაგეგმილი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ფარგლებში ინსტიტუციურ საფუძველზე გადაიყვანოს.
მისი თქმით, ირანი დოკუმენტის ხელმოწერის მიმართულებით გეგმაზომიერ მუშაობას აგრძელებს.
"ამჟამად დოკუმენტის ტექსტზე ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მის საბოლოო შეთანხმებასა და გაფორმების პროცესის დაწყებას შევძლებთ. ირანი სიხარულით უმასპინძლებს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომლის ვიზიტის ფარგლებში დოკუმენტს ხელი მოეწერება. ეს სომხეთ-ირანის ურთიერთობებში ახალ ეტაპს დაუდებს საფუძველს და პოლიტიკის, ეკონომიკის, ინვესტიციებისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შექმნის," - განაცხადა ირანის ელჩმა.