პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა ივლისის ბოლოს ჩაინიშნება. ამასთან, სააკაშვილის თქმით, შეიქმნება რეფორმატორთა საბჭო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ერთგვარ ცირკს ჰგავს ეს ყველაფერი, რომელსაც ბოლო მალე მოეღება.
"არ მგონია, რომ საქართველო საჭიროებდეს უკრაინის მოქალაქის მხრიდან პოლიტიკურ ლანდშაფტში წესების დადგენას. ადამიანმა, რომელმაც ქართული პასპორტი გაცვალა, სხვა ქვეყნის პასპორტზე, დღეს კიდევ საუბრობს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე. შეგახსენებთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ქართული ენა დაავიწყდა და უკრაინულად მელაპარაკეთო, სასამართლოში ითხოვდა თარჯიმანს. ამგვარ ცირკთან გვაქვს ჩვენ საქმე და მე როგორც ვატყობ, ამ ცირკს თავადვე მოუღებენ ბოლოს. თავად თუ არ მოუღებენ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სარჩელი, რომელიც შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, არის სრულად დასაბუთებული, ამიტომ, ეს ანტიქართული, ანტიეროვნული გაერთიანება უნდა დასრულდეს. სწორედ ეს არის მთავარი.
დაუშვებელია საქართველოში მოქმედებდეს ანტიკონსტიტუციური, ქვეყნის ღალატზე დაფუძნებული დაჯგუფება, რომელიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს, რომელმაც ამ ქვეყანაში შექმნა დიქტატურა და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი გადააბარა ოკუპანტ ქვეყანას," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.