"რაც უფრო ხშირად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ისე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, თუ სად იმყოფება დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე." - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სერბეთში ვიზიტისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირი ხშირად მიმართავს არა კოპენჰაგენის პრინციპებს, არამედ "ახლად მოგონილ" მოთხოვნებს, რაც სხვადასხვა ქვეყნის ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება.
პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს იმ სირთულეებზე, რასაც გაფართოების პროცესში კანდიდატი ქვეყნები აწყდებიან და აცხადებს, რომ ბრიუსელის სტრატეგია დღეს ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებულია.
"იქმნება შთაბეჭდილება, რომ 2022 წელს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს უხვად გაცემული პირობები, რომ ევროკავშირმა გადაიაზრა საკუთარი გეოპოლიტიკური როლი და ახლა გადაერთო გაფართოების სტრატეგიაზე, ეს განცხადებები, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან დანახული იქნა, როგორც ნაჩქარევი განცხადებები. ახლა მცდელობა - ან ამ პირობიდან გასვლისა ან ახალი პირობების წამოყენების გაფართოების გზაზე, ისეთი პირობებისა, რომელიც შეიძლება მიუღებელი იყოს წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის.
ასე, რომ ეს წინაღობები და სირთულეები, რასაც საქართველო ვგრძნობთ, ამაში ახალი არაფერი არ არის და ამ ორმა დღემ ეს დაადასტურა ჩემთვის.
ყველა კანდიდატ ქვეყანას თითქმის აქვს მსგავსი გამოწვევები. ხანდახან არის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს პირადი პოლიტიკური დღის წესრიგი ცალკეულ ქვეყანასთან დაკავშირებით, ხანდახან არის ბრიუსელი, რომელსაც აქვს საკუთარი დამოკიდებულებები, რომელიც არ გამომდინარეობს არც გაწევრიანების პროცედურებიდან, არც კოპენჰაგენის პრინციპებიდან. არამედ არის ახლად მოგონილი დამატებითი კრიტერიუმები თუ წინაპირობები, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება.
ასე, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ ჩვენ ვიყოთ ერთიანი, ვინაიდან, ცალ-ცალკე ამ ურთიერთობაში ჩვენ არ ვართ თანასწორი, როდესაც საქმე გვაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომელსაც თითოეულს ვეტოს უფლება აქვს და შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერი წინსვლა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ინფორმაციის გაცვლა," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.