"დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ გადაწყვეტილებითაც, კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური ინტრიგებისთვისა და შურისძიებისთვის" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ ჰააგის დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანიც უნდა ყოფილიყო მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება, ყალბი ნარატივის გავრცელების და კონფლიქტების გაღვივების ინიციატორებად იქცნენ.
"მთავარი სათქმელი სწორედ ის არის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოირღვა. ეს არა იმდენად იმით დასტურდება, რომ ახალი ომები იწყება, არამედ იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იქცნენ ინსტრუმენტად პოლიტიკური ომებისა და ამას ვაკვირდებით ჩვენ, მათ შორის საქართველოს მაგალითზე, სხვადასხვა ამგვარ პლატფორმაზე, როდესაც ხდება ბოროტად გამოყენება ამგვარი ორგანიზაციების საკუთარი პოლიტიკური შურისძიებისთვის და სამწუხაროა, რომ ეს ორგანიზაციები აძლევენ უფლებას ამგვარ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, იყვნენ მათ ხელში იარაღი.
დღეს ფაქტობრივად ვხედავთ, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანი უნდა ყოფილიყო მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება, დღეს იქცნენ ყალბი ნარატივების შეთხზვის და გავრცელების, იქცნენ კონფლიქტების გაღვივების და ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ინიციატორებად.
ამიტომ არის, ვფიქრობ, რომ დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არა აქვთ და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური ინტრიგებისთვისა და შურისძიებისთვის", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დეკლარაცია მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. ქართულმა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა დატოვა. მმართველი გუნდის წევრები უსამართლო ჩანაწერზე და ჯო უილსონის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ.