"ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ორგანიზაციების ქსელი, რომლებიც მშვიდობის, თანხმობის და თანამშრომლობის ხელშემწყობები უნდა ყოფილიყვნენ, დღეს, ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების ხელში, კონფლიქტების წაქეზების და პოლიტიკური შურისძიების არენად იქცნენ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, საერთაშორისო თანამშრომლობის და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს.
"ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა, არა იმდენად ახალი ცხელი ომების კასკადიდან ჩანს, არამედ იქიდან, თუ როგორ აქციეს საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების წარმოების არენად.
ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი ორგანიზაციების ქსელი, რომლებიც მშვიდობის, თანხმობის და თანამშრომლობის ხელშემწყობები უნდა ყოფილიყვნენ, დღეს, ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფებების ხელში, კონფლიქტების წაქეზების და პოლიტიკური შურისძიების არენად იქცნენ.
საქართველოს მიმართ გამოჩენილი წინასწარგანზრახული უსამართლობა ცხადად მეტყველებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადატვირთვას საჭიროებს", - წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დეკლარაცია მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. ქართულმა დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.