08 ივლისი 2026,   20:53
ვრცლად
"ძვირფასო კოლეგებო, თუ გვსურს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სანდოობა შეინარჩუნოს, ჩვენი ერთადერთი კომპასი უნდა იყოს ფაქტები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები" - ლევან მახაშვილი

"ორმაგი სტანდარტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას არ აძლიერებს. პირიქით, ის მას შიგნიდან ანგრევს. ძვირფასო კოლეგებო, თუ გვსურს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სანდოობა შეინარჩუნოს, ჩვენი ერთადერთი კომპასი უნდა იყოს ფაქტები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები", - ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გააკეთა

ასამბლეამ ჰააგის დეკლარაცია მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. ქართულმა დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მმართველი გუნდის წევრები უსამართლო ჩანაწერზე და ჯო ვილსონის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. 

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა აბსტრაქტული ცნება არ არის, ის მისი ავტორიტეტის საფუძველია. როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს არა დადასტურებული ფაქტების, არამედ მოკლევადიანი ხმაურიანი სათაურების ჭრილში განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ რეალობას კი არ ვამახინჯებთ, ვაზიანებთ იმ ინსტიტუტსაც, რომელსაც თავად ვემსახურებით.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას არ დაუდგენია, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ეუთო/ოდირის დასკვნის გაყალბებას აპირებს.

მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს არაფერი დაუდგენია გარდა ბრალდებებზე მითითებისა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ამ ბრალდებების დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენას აპირებს. საქართველოში სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცნენ როგორც მოძალადე დემონსტრანტები, ისე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა აპირებს იმის მტკიცებას, რომ თურმე "მშვიდობიანმა" დემონსტრანტებმა დაწვეს პარლამენტი, თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს და დააზიანეს ასობით პოლიციელი.

ორმაგი სტანდარტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ აძლიერებს. პირიქით, ის მას შიგნიდან ანგრევს. ძვირფასო კოლეგებო, თუ გვსურს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სანდოობა შეინარჩუნოს, ჩვენი ერთადერთი კომპასი უნდა იყოს ფაქტები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები", - აცხადებს ლევან მახაშვილი.

დღის ამბები