08 ივლისი 2026,   21:16
ვრცლად
არჩევნები სომხეთისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ეტაპზე გაიმართა, დაფიქსირდა პირდაპირი ზეწოლა საზღვარგარეთიდან სავაჭრო შეზღუდვების და უსაფრთხოების მუქარების სახით - ფარაჰ კარიმი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დეკლარაცია მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. ქართულმა დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მმართველი გუნდის წევრები უსამართლო ჩანაწერზე და ჯო ვილსონის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ რეზოლუცია შეიცავს არაერთ სიცრუეს, უზუსტობას და ერთი ერთში იმეორებს ქართული ოპოზიციის ნარატივს.  

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს, საქართველოს საკითხის გარდა, განცხადებები გაკეთდა სომხეთსა და მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე. იყო კრიტიკული შეფასებებიც, თუმცა, ამის მიუხედავად, მოლდოვისა და სომხეთის მთავრობების ლეგიტიმაციის საკითხი ევროპელ პოლიტიკოსებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ, რაც "ქართული ოცნებისთვის" ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია.

ნიდერლანდების სენატის წევრის, ფარაჰ კარიმის განცხადებით, სომხეთში ჩატარებული არჩევნები რთულ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გარემოში გაიმართა, საარჩევნო პროცესი კი პოლარიზებული რიტორიკით, დარღვევების შესახებ ბრალდებებითა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტებით ხასიათდებოდა.

„არჩევნები სომხეთისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ეტაპზე გაიმართა, ქვეყანა კვლავაც რთულ დემოკრატიულ და გეოპოლიტიკურ გარემოში ვითარდება. დაფიქსირდა პირდაპირი ზეწოლა საზღვარგარეთიდან სავაჭრო შეზღუდვების და უსაფრთხოების მუქარების სახით. საარჩევნო კამპანია მკვეთრად დაპირისპირებული იყო, ხასიათდებოდა პოლარიზებული რიტორიკით და თან ახლდა ხმების მოსყიდვისა და სხვა საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრალდებები. ამას მოჰყვა ოპოზიციონერი კანდიდატებისა და აქტივისტების წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლებრივი საქმის აღძვრა. დაფიქსირდა საჯარო სექტორის თანამშრომლებზე მმართველი პარტიის ღონისძიებებზე დასწრების მიზნით ზეწოლა“, - აცხადებს ნიდერლანდების სენატის წევრი ფარაჰ კარიმი.

პორტუგალიის რესპუბლიკის ასამბლეის წევრის, პაულა კარდოსოს განცხადებით, მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო კორუფციის, უცხოური გავლენისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პრევენციას, ასევე ამომრჩეველთა რეესტრის დახვეწას ითვალისწინებს.

„მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ არაერთი რეკომენდაცია შევიმუშავეთ, რომლის შესრულების იმედი გვაქვს. მათ შორის, გაძლიერდეს ინსტიტუციური კოორდინაცია რათა ეფექტიანად მოხდეს საარჩევნო კორუფციის, უკანონო ქმედებებისა და უცხოური გავლენის აღკვეთა; აღიკვეთოს ადმინისტრაციული რესურსების, სახელმწიფო სახსრებისა და ოფიციალური თანამდებობის ბოროტად გამოყენება საარჩევნო პერიოდში; ამომრჩეველთა რეესტრიდან გარდაცვლილი პირების დროული და სისტემატური ამოღების მექანიზმების გაუმჯობესება“, - აცხადებს პორტუგალიის რესპუბლიკის ასამბლეის წევრი პაულა კარდოსო.

დღის ამბები