თეთრი სახლიდან თბილისში გამოგზავნილი წერილი უკვე შეფასდა მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ეს ამერიკა-საქართველოს შორის არსებული იდეური თანხვედრის კიდევ ერთი დასტურია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში" სევდამ დაისადგურა, ვინაიდან, მისივე თქმით, მათი ნარატივი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შემდეგ, რომ თითქოს საქართველოს არის სრულ იზოლაციაში, წამიერად ჩამოშალა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილმა:
"კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში" სევდამ და ნაღველმა დაისადგურა, მათ გულებში ტკივილია, რადგან მათი ნარატივი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის შემდეგ, რომ თითქოს საქართველოს არის სრულ იზოლაციაში და არ ჰყავს საქართველოს არჩეული ხელისუფლება, წამიერად ჩამოშალა პრეზიდენტი ტრამპის წერილმა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს და მოუთმენლად ელოდება ორ ქვეყანას შორის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის თვისებრივად სხვა ეტაპზე გადაყვანას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ, რომ ვიყოთ პირნათელი პირველ რიგში ქართველი ხალხის, საქართველოს ინტერესების წინაშე და შემდეგ, ყველა პარტნიორთან გვქონდეს თანასწორუფლებიანი ურთიერთობები. ახლა კი, მთელი მოცემულობა და ბურთი, მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზეა,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სახელზე დონალდ ტრამპის წერილი დღეს, 17 ივლისს მოვიდა.
"ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო და მშვიდობიანი მომავლისკენ" - აცხადებს ამერიკა.
თეთრი სახლის წერილი ორი ქვეყნის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანეს აქცენტებს შეიცავს და სერიოზული პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. "ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ჩვენი იდეალებისადმი პატივისცემას." - წერს დონალდ ტრამპი და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლია. ეს საპასუხო მადლობის წერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილზე, რომლითაც ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილე მიულოცა.