"ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზების ახალი ეტაპი დაიწყო, როგორც ვხვდებით ამ წერილიდან გამომდინარე" - ასე აფასებს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, აშშ-ის პრეზიდენტის წერილს, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნა.
მათიკაშვილის თქმითვე, ის პოლიტიკური გზავნილები და პოლიტიკური ფილოსოფია, რაც გააჩნია ტრამპის ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას, ძალიან დიდი პროცენტით ერთმანეთთან თანხვედრაშია:
"ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზების ახალი ეტაპი დაიწყო, როგორც ვხვდებით ამ წერილიდან გამომდინარე, იქ იყო ხაზგასმით გზავნილები, რომლებიც ამოსაკითხია. ის პოლიტიკური გზავნილები, პოლიტიკური ფილოსოფია, რაც გააჩნია ტრამპის ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას, ძალიან დიდი პროცენტით ერთმანეთთან თანხვედრაშია. ჩვენ ვართ ურთიერთობისთვის ღია, რაც არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ახალი გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან, მზად ვართ შეერთებულ შტატებთან ნამდვილი, ორი ერისთვის ხელშესახები და ურთიერთმისაღები სტრატეგიული პარტნიორობა ახლიდან დავიწყოთ, რამეთუ ის პარტნიორობა, რომელიც აქამდე არსებობდა, მეტწილად მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე იყო და მისი რეალიზება რეალურ ცხოვრებაში არ ხდებოდა,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სახელზე დონალდ ტრამპის წერილი დღეს, 17 ივლისს მოვიდა.
"ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო და მშვიდობიანი მომავლისკენ" - აცხადებს ამერიკა.
თეთრი სახლის წერილი ორი ქვეყნის ურთიერთობებში უმნიშვნელოვანეს აქცენტებს შეიცავს და სერიოზული პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. "ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ჩვენი იდეალებისადმი პატივისცემას." - წერს დონალდ ტრამპი და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლია. ეს საპასუხო მადლობის წერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილზე, რომლითაც ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილე მიულოცა.