18 ივლისი 2026,   23:39
ვრცლად
საქართველოს საფოსტო ისტორიასა და ფილატელისტურ კოლექციას ახალი ეროვნული გამოცემები შეემატა - მიმოქცევაში ერთდროულად სამი საიუბილეო მარკა ჩაეშვა

სამი დიდი საიუბილეო თარიღი და ქვეყნის სამი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო ახლა უკვე საფოსტო მარკაზეა დატანილი. უსიტყვოდ მოყოლილი ამბები, რომელიც ამ პატარა, მინიატურული ბარათით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს.

რამდენიმე მილიმეტრიანი სივრცე, რომელიც მთელ ეპოქას, პიროვნების ხასიათს და ქვეყნის ისტორიას იტევს. საქართველოს ფილატელისტურ მატიანეს კიდევ სამი ახალი ეროვნული მარკა შეემატა.

გიორგი მამულაშვილის დიზაინით შექმნილი მარკები კინორეჟისორ ნანა მჭედლიძის დაბადებიდან 100 და ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კიდევ ერთი, ეპოქალური თარიღი  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს დიზაინერ ბაადურ ქობლიანიძის ხედვით შექმნილი მარკა მიეძღვნა. მან ვიზუალური ენის საშუალებით ქვეყნის მთავარი სამეცნიერო ინსტიტუციის თითქმის საუკუნოვანი გზა გადმოსცა.

მარკების შინაარსსა და დიზაინზე რეკომენდაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული კომისია გასცემს, რომლის საფუძველზეც მინისტრი შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ამის შემდეგ მარკას დამტკიცებული დიზაინისა და ტირაჟის მიხედვით "საქართველოს ფოსტა" ამზადებს.

საფოსტო მარკა არა მხოლოდ საფოსტო გზავნილის საფასურის დამადასტურებელი ნიშანი, არამედ ქვეყნის სუვერენიტეტის, ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე ცხოვრების ამსახველი სიმბოლოა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და კოლექციონერებისთვისაც განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. ახალი გამოცემები კი ამ კოლექციას კიდევ სამი საიუბილეო მარკით ავსებს. სამივე საფოსტო მარკა უკვე მიმოქცევაშია.

დღის ამბები