21 ივლისი 2026,   19:34
ვრცლად
ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები გამოწვევებს - კახა კალაძე

„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე 110 მილიმეტრი შეადგინა, რაც ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ იყო კონკრეტულ ქუჩებსა და უბნებში პრობლემები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, წუხელ დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რათა, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრილიყო შექმნილი პრობლემები.

„გუშინდელმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქალაქის რამდენიმე უბანში, რადგან ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ხუთი საათის განმავლობაში სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი აღინიშნა. კერძოდ, ნალექის რაოდენობამ, მათ შორის, თსუ-ს ტერიტორიაზე 110 მილიმეტრი შეადგინა, რაც ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ იყო კონკრეტულ ქუჩებსა და უბნებში მსგავსი შემთხვევები. რამდენიმე ლოკაცია იყო, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა - თამარაშვილის გამზირისა და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა, გურამიშვილის გამზირი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, დიდ დიღომში ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორია, ერისთავის ქუჩა, თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად მოწესრიგდა.

პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის, „თბილსერვის ჯგუფს“, რაიონული გამგეობების თანამშრომლებს. მადლობა მინდა, გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ადგილებზე მუშაობდნენ. გამწმენდის სამუშაოები მთელი ღამე მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება, რათა ქუჩები დასუფთავდეს და ყველაფერი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის საგზაო სამუშაოების წარმოებამდე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, არსებული პრობლემები კი ეტაპობრივად მოგვარდება.

„როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც. ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებში, ეკონომიურად უფრო ძლიერ დედაქალაქებში, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურაა, ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი იქაც ქმნის პრობლემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან, სადაც საგზაო სამუშაოებს ვიწყებთ, პირველ რიგში, მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების განახლება გვაქვს პრიორიტეტად.

წინა წლებში გზებს ხშირად მხოლოდ ზედაპირულად აგებდნენ, ჩვენ კი ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციისას, პირველ რიგში, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა. დღეს იმ პრობლემების მოგვარება გვიწევს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა. სამწუხაროდ, ზოგისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციის მიზეზია, ჩვენი ამოცანა კი კამათი არ არის. ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროულად მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ნებისმიერ ზარზე შესაბამისი რეაგირება ხდება.

„ცხელ ხაზზე იყო მომართვიანობა და ახლაც არის. ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, ყველას დავეხმარებით. ჩვენ ყველა იმ ადამიანს დავუდგებით გვერდით, ვისაც წვიმამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა, რადგან დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემა და ა.შ. ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს. სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს. მიწისქვეშა კომუნიკაციები არის ამორტიზირებული, კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ყველაფერს განვაახლებთ და მოვაწესრიგებთ. ცხადია, ერთი ხელის მოსმით ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება. ძალიან დიდი თანხებია საჭირო. მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები და შესაბამისად, ეტაპობრივად მივყვებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები