21 ივლისი 2026,   18:52
ვრცლად
სოფელ ერისიმედში ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

სტიქიით დაზარალებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებები მოისმინეს და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე განიხილეს სოფელში არსებული მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სტიქიით გამოწვეულმა წყალდიდობამ ერისიმედი მნიშვნელოვნად დააზარალა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან უშუალოდ მოისმინეს არსებული საჭიროებები და დეტალურად ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სოფლის აღდგენისა და განვითარების მიზნით განხორციელდება.

შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილ პროექტების შესახებ. მათ შორის, ახალი სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა და ერისიმედის ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი აღდგენა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მათი განცხადებით, დაგეგმილი პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სოფლის უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის.

 

 

დღის ამბები