აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის "კონსტრუქციული როლი" შეასრულოს უკრაინაში ომის დასრულებაში, - წერს Reuters-ი.
რუბიომ განცხადება მანილაში, ASEAN-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაფიოდ დააფიქსირა ვაშინგტონის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს "აზრს მოკლებული ომის" დასრულებას, თუ ამის შესაძლებლობა გამოჩნდება.
რუბიოს თქმით, ეს გზავნილი მოსკოვს უკვე გადაეცა, თუმცა მან თავი შეიკავა მოლაპარაკებებზე რუსეთის პოზიციის შეფასებისგან.
"კარგი და გულახდილი საუბარი გქონდა", - განაცხადა რუბიომ რუს კოლეგასთან შეხვედრის შეფასებისას, თუმცა განხილული საკითხების დეტალებზე არ ისაუბრა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეერთებული შტატები მზად არის, ითამაშოს კონსტრუქციული როლი კონფლიქტის დასასრულებლად.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვმა "დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვის".
მან რუბიოს განუცხადა, რომ მოსკოვი ერთგული რჩება იმ წინადადებების, რომლებიც პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა 2025 წლის აგვისტოში, ალასკაზე გამართულ შეხვედრაზე წამოაყენეს.
მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ კონფლიქტმა მძიმე შედეგები მოიტანა, რაზეც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და კიევზე რუსული დარტყმები მოწმობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ეს არის "სისხლისმღვრელი ომი" და ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს მისი დასრულების მოტივაცია.
თუმცა, რუბიოს თქმით, მთავარ გამოწვევად კვლავ ისეთი შეთანხმების მიღწევა რჩება, რომელსაც ორივე მხარე მიიღებს. მან დასძინა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს იმ "ოქროს შუალედის" ძიებას, რაც კონფლიქტის დასრულებას გახდის შესაძლებელს.