საით მიდიან ქვეყნები, თუკი თანასწორობის სივრციდან თავად ევროკავშირი გადის? - ეს ის მთავარი ლოგიკური კითხვაა, რაც მმართველი პარტიის შეფასებით, გერმანიის ინიციატივას მოჰყვა, და არა მხოლოდ თბილისში. კონსენსუსის პრინციპის გაუქმებას, 12 მხარდამჭერის გარდა, ჰყავს საკმაო რაოდენობის მოწინააღმდეგეებიც - შედარებით მცირე ქვეყნები, რომლებიც საკუთარ ინტერესებს ვეტოს უფლებით იცავენ. "ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ, რომ ბრიუსელში მიმდინარე ნეგატიური ტენდენციები იქამდეც მივიდა, რომ დიდი სახელმწიფოები მონოპოლიას იურიდიულადაც იფორმებენ. მოქმედი და პოტენციური წევრების სუვერენიტეტს კი საფრთხის წინაშე აყენებენ.
ხელისუფლების მხრიდან დასმული კითხვები საკმარისი არ არის მათთვის, ვინც პასუხების ნაცვლად ნაბიჯებს ითხოვს. "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" განცხადებას ავრცელებს. პარტიაში ამბობენ, რომ მცდარი მოლოდინების ფონზე სტატუს-კვო არ იცვლება, კანდიდატი ქვეყანა კი პარადოქსულ მოცემულობაში რჩება.
ბრიუსელის უთანასწორო და უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბარი არ სურთ ოპოზიციაში. პარტიების უმრავლესობა საკითხის შეფასებისგან თავს იკავებს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შესაძლოა, სწორედ გაფართოების პროცესის შეჩერებას უკავშირდებოდეს ინიციატივები, რომლებიც ქვეყნებს ბუნებრივად აიძულებს, თავი შეიკავონ ევროკავშირის წევრობისგან.
რა ბედი ელის ევროპაში თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული ქვეყნების ბლოკს? - ამ საკითხზე ანალიტიკური წერილი ჯერ კიდევ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ევროკავშირის წევრობა, სარგებლის გარეშე, წინასწარ გაწერილ ვალდებულებებად იქცა, თავად ევროკავშირი კი თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გარდაიქმნება.