28 ივლისი 2026,   23:44
ვრცლად
"ეროვნული თაობა" ეროვნული ღირებულებების დასაცავად - ახალი სახალხო მოძრაობის შექმნას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა

ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა დღეს ახალი სახალხო მოძრაობა ოფიციალურად დააფუძნეს. "ეროვნული თაობა" ეროვნული ღირებულებების დასაცავად, ასე ეწოდება ახლად შექმნილ ორგანიზაციას, რომლის წევრებიც ამბობენ, რომ ქართული ტრადიციები, ისტორია, რწმენა, ეკლესია, სუვერენიტეტი, ამ ფასეულობების დაცვა მათი მთავარი მიზანია.

ღირებულებების დაცვა კი მათთვის არა ძალადობაზე, არამედ კანონისა და კონსტიტუციის პატივისცემაზე გადის.

ახალი მოძრაობის შექმნას აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, "ქართული ოცნების" თქმით, ეროვნული ღირებულებების დაცვის იდეამ იმდენად გააღიზიანა, რომ აგრესიაც ვერ დამალა. ეს რეაქცია მმართველი გუნდისთვის მორიგი დადასტურებაა, რომ ოპონენტები ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც ქართული იდენტობის, სუვერენიტეტის, ეკლესიისა და ტრადიციების დაცვას ეხება.

ოპოზიციის თავდასხმის სამიზნე არა მხოლოდ ორგანიზაციის დამფუძნებლები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც გახდნენ. მათ შორის გიორგი ქართველიშვილის მეუღლე, ჩვენი კოლეგა, "რუსთავი 20-ის" ჟურნალისტი ჟანა აკოფაშვილიც.

რატომ დაუპირისპირდა ოპოზიცია ეროვნული იდეების გარშემო გაერთიანებულ ახალგაზრდებს? სახალხო მოძრაობის წევრების თქმით, მიზეზი ერთია:

ზიზღის ენის გამოყენება, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი იუმორი ოპოზიციისთვის არა შეურაცხყოფა, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. ხელისუფლების ოპონენტები გამოთქმულ ეპითეტებს ხუმრობას უწოდებენ, ეროვნული ღირებულებების დაცვის მიზნით ორგანიზაციის შექმნას კი დაუშვებლად მიიჩნევენ.

"ქართული ოცნების" თქმით, იმას, რასაც ხელისუფლების ოპონენტები, მათი აქტივისტები და უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები წლების განმავლობაში ებრძოდნენ, დღეს ახალგაზრდები იცავენ. მმართველ გუნდში იმ ორკესტრირებულ თავდასხმებს იხსენებენ, რომლებიც ოპოზიციის ავტორობითა და უცხოური დაფინანსებით ხან ეკლესიაზე და პატრიარქზე, ხან ქართველ მეფეებსა და მწერლებზე ხორციელდებოდა. სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ "ეროვნული თაობის" ეროვნული მიზნები რეალობად უნდა იქცეს.

სახალხო ორგანიზაცია შექმნილია, მიზნები გაწერილი. "ეროვნული თაობის" წევრები ამბობენ, რომ მათი გაერთიანების კარი ყველა იმ ადამიანისთვის ღიაა, ვისთვისაც ეროვნული ღირებულებები და ტრადიციები პირად ინტერესებზე მაღლა დგას.

დღის ამბები