ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი იყო, რაც კი ორ ლიდერს შორის აქამდე შემდგარა.
მან ხაზი გაუსვა მჭიდრო კოორდინაციას ირანისა და უსაფრთხოების სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
"ეს საუბარი იყო სრული პარტნიორობისა და ორმხრივი მხარდაჭერის, იმ საერთო მიზნის გაგებით, რომ ირანს არ მიეცეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება" - განაცხადა ნეთანიაჰუმ ებრაულ ენაზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელიც მისი ოფისის მიერ დახურული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
დონალდ ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლივიტმა შეხვედრას პოზიტიური და პროდუქტიული უწოდა. ისრაელის ოფიციალური პირის განცხადებით, ლიდერებმა ასევე განიხილეს აშშ-ისა და ისრაელის თანამშრომლობა და სხვადასხვა შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთში.